ევროპაში ომის დამნაშავეების ადგილი არ არის, – ამის შესახებ ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრმა, კესტუტის ბუდრისმა ლუქსემბურგში ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების საბჭოს დაწყებამდე განაცხადა.
მისი თქმით, ახლა ყველაზე მნიშვნელოვანია უკრაინის მხარდაჭერა და რუსეთზე ზეწოლა.
„ევროპაში ომის დამნაშავეების ადგილი არ არის. ომის დამნაშავეებს ევროპაში არანაირი გზა არ აქვთ რაიმე ღონისძიებაზე დასასწრებად. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, კიდევ ერთხელ გავუსვათ ხაზი იმას, რომ უკრაინას მტკიცედ ვუჭერთ მხარს, რუსეთზე ზეწოლას კი ვაგრძელებთ. რუსეთზე ზეწოლასა და ევროპის მხარდაჭერაზე საუბრისას, ჩვენ ნამდვილად მივესალმებით ევროკომისიის წინადადებას რეპარაციების სესხების სისტემის შესახებ და მზად ვართ დახმარებისთვის“, – განაცხადა კესტუტის ბუდრისმა.
ამასთან, ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრმა აღნიშნა, რომ რუსეთის პრეზიდენტის ადგილი ჰააგაშია.
„ჩვენ უნდა დავიცვათ ევროპის პრინციპები, რომლებზეც ყველანი შევთანხმდით -პუტინის ერთადერთი ადგილი ევროპაში ჰააგაშია, ტრიბუნალის წინაშე და არა ჩვენს რომელიმე დედაქალაქში. ეს ძალიან ნათელია“, – განაცხადა ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრმა.
როგორც კესტუტის ბუდრისმა განაცხადა, ვერ წარმოუდგენია, რომ რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა ევროპის საჰაერო სივრცე გადაკვეთოს.
შეგახსენებთ, რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინისა და აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის შეხვედრა უნგრეთის დედაქალაქ ბუდაპეშტშია დაგეგმილი.