გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრის, იოჰან ვადეფულის, ჩინეთში კვირას დაგეგმილი ვიზიტი არ შედგება, განაცხადა პარასკევს სამინისტროს წარმომადგენელმა.
„ჩვენ მოგზაურობას მოგვიანებით გადავდებთ“, – განაცხადა პრესსპიკერმა რეგულარულ პრესკონფერენციაზე და დასძინა, რომ გერმანია შეშფოთებულია იშვიათი მიწების ექსპორტზე დაწესებული შეზღუდვებით.
მან უარი თქვა დაესახელებინა, თუ რომელმა ქვეყანამ გააუქმა ვიზიტი და აღნიშნა, რომ გერმანიისთვის დასანანია ეს ფაქტი, მათ შორის, ჩინეთის მნიშვნელობის გათვალისწინებით, როგორც ქვეყნისა, „რომელსაც ისე, როგორც სხვას არავის, გავლენა აქვს რუსეთზე უკრაინის წინააღმდეგ ომში“.
“პოლიტიკოს” ცნობით, ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრ ვანგ ისთან გამონაკლისის სახით დაგეგმილი შეხვედრის გარდა, გერმანელი მინისტრის ვიზიტის პროგრამაში ჩინურ მხარესთან საკმარისი შეხვედრები არ იყო. ეს ინფორმაცია დაადასტურა გერმანიის საგარეო უწყების პრესსპიკერმაც, რომელმაც აღნიშნა, რომ შეუძლებელი იყო ვიზიტისთვის საკმარისი შეხვედრების ორგანიზება.
გამოცემის ცნობით, ეს ნაბიჯი, დიდი ალბათობით ბერლინსა და პეკინს შორის ურთიერთობაში კრიზისს შექმნის, ვინაიდან, ვიზიტი უქმდება იმ ფონზე, როცა ბოლო რამდენიმე თვეში, გერმანიისა და ჩინეთის ურთიერთობები გაუარესდა – პეკინის მიერ იშვიათი მიწის ელემენტებისა და მიკროჩიპების ექსპორტზე დაწესებული შეზღუდვების, ასევე გერმანიის კრიტიკის გამო ტაივანის მიმართ პოზიციისა და სამხრეთ ჩინეთის ზღვაში მოქმედების გამო.
საგარეო საქმეთა მინისტრის ჩინეთში გამგზავრება თავდაპირველად კვირას იყო დაგეგმილი, რის შესახებაც მან ხუთშაბათს, “როიტერს” თავად განუცხადა. ვადეფული აპირებდა პეკინზე ზეწოლას, რათა შემსუბუქებულიყო იშვიათი მიწებისა და ნახევარგამტარების ექსპორტის შეზღუდვები, ასევე, განეხილათ რუსეთისთვის უკრაინაში ომის დასრულების მოლაპარაკებებისკენ იძულების საკითხი.
