გერმანიის კანცლერმა ფრიდრიხ მერცმა მიგრაციასთან დაკავშირებული თავისი კომენტარები კიდევ უფრო გაამკაცრა და განაცხადა, რომ ბევრ გერმანელს და ევროპელს „ეშინია საზოგადოებრივ ადგილებში გადაადგილების“. ინფორმაციას Fox News-ი ავრცელებს.
მისმა განცხადებამ კრიტიკოსების მხრიდან უკმაყოფილება და უარყოფითი რეაქცია გამოიწვია, რომლებიც მას ანტიმიგრანტული განწყობების გაღვივებაში ადანაშაულებენ, მიუხედავად იმისა, რომ ის ამტკიცებს, რომ მიგრანტები აუცილებელია. ზოგიერთმა მათგანმა გერმანიის ლიდერი რასიზმშიც კი დაადანაშაულა.
მერცმა უარყო გერმანიის ზოგიერთი პოლიტიკური წრის მხრიდან კრიტიკა მისი მთავრობის მკაცრი პოზიციის გამო არალეგალურ მიგრაციასთან დაკავშირებით.
მანვე აღნიშნა, რომ მიგრანტები არიან „ჩვენი შრომითი ბაზრის შეუცვლელი ნაწილი“, – იუწყება გერმანული DW.
მერცის თქმით, მიუხედავად ამისა, გერმანიაში და მთელ ევროპაში ბევრ ადამიანს „ეშინია საზოგადოებრივ სივრცეებში გადაადგილების“, რადგან იქ იმყოფებიან მიგრანტები, „რომლებსაც არ აქვთ მუდმივი საცხოვრებლის სტატუსი, არ მუშაობენ და არ ემორჩილებიან ჩვენს წესებს“.
„რა თქმა უნდა, ჩვენ ჯერ კიდევ გვაქვს ეს პრობლემა ქალაქში და სწორედ ამიტომ შინაგან საქმეთა ფედერალური მინისტრი უწყობს ხელს და ახორციელებს ფართომასშტაბიან დეპორტაციებს“, – განაცხადა მან გასულ კვირას პოტსდამში ვიზიტის დროს.
