ევროკავშირი რუსული თხევადი ბუნებრივი აირის უმსხვილეს იმპორტიორად რჩება. ინფორმაციას The Guardian-ი ენერგეტიკისა და სუფთა ჰაერის შემსწავლელი ცენტრის (CREA) მონაცემებზე დაყრდნობით ავრცელებს.
მონაცემების თანახმად, ევროკავშირმა ექსპორტზე გატანილი რუსული თხევადი გაზის საერთო მოცულობის ნახევარი შეიძინა. ევროკავშირს მოსდევს ჩინეთი (22%) და იაპონია (18%).
როგორც The Guardian-ი წერს, ბრიუსელი მილსადენებით ექსპორტირებული რუსული გაზის უმსხვილესი შემსყიდველიცაა. ის საერთო მოცულობის 35% ყიდულობს. ჩინეთი 30%-ს, ხოლო თურქეთი 29% ყიდულობს.
გამოცემის ცნობით, თავად ევროკავშირში რუსული გაზის უმსხვილესი იმპორტიორები უნგრეთი და სლოვაკეთი არიან. გასულ თვეში უნგრეთმა 393 მილიონი ევროს, ხოლო სლოვაკეთმა 207 მილიონი ევრო ღირებულების გაზი შეისყიდა. საფრანგეთმა, ბელგიამ და ნიდერლანდებმა აგრეთვე გააგრძელეს რუსული გზის იმპორტი.
გასულ წელს საფრანგეთმა ევროკავშირში რუსული გაზის მოცულობების შესყიდვის თვალსაზრისით მესამე ადგილი დაიკავა. მან 153 მილიონი ევროს ღირებულების რუსული თხევადი ბუნებრივი აირი იყიდა, რომლის ნაწილიც გერმანიას მიაწოდა.
ბელგია რუსული გაზის ყიდვის კუთხით ევროკავშირში მეოთხე ადგილს იკავებს. მან 92 მილიონი ევროს ოდენობის გაზი შეისყიდა, ხოლო ნიდერლანდებმა – 62 მილიონი ევროს ღირებულების ბუნებრივი აირი იყიდა.
„ევროკავშირმა იჩქარა, როცა [რუსულ] გაზზე უარის თქმის თარიღი 2027 წლის იანვრამდე გადასწია, მაგრამ ამასობაში რამდენი უკრაინელი მოკვდება? ევროპის ზოგმა ქვეყანამ რუსულ გაზზე პრაქტიკულად თავიდანვე თქვა უარი. ეს ჯერ კიდევ სამი წლის წინ უნდა მომხდარიყო. რა თქმა უნდა, ჩვენ პასუხი უნდა მოვთხოვოთ ინდოეთსა და ჩინეთს, მაგრამ ჩვენ აგრეთვე საკუთარ თავსაც უნდა მივაქციოთ ყურადღება“, – წერს სტატიის ავტორი.
