სამხრეთ ჩინეთის ზღვაში აშშ-ის საზღვაო ძალების ერთი ვერტმფრენი და ერთი თვითმფრინავი ჩამოვარდა.
კერძოდ, აშშ-ის წყნარი ოკეანის ფლოტმა გაავრცელა ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც, 26 ოქტომბერს, აშშ-ის საზღვაო ძალების თვითმფრინავი ოპერაციის შესრულებისას ჩამოვარდა. ინციდენტის შემდეგ, დაახლოებით ერთ საათში კი სამხრეთ ჩინეთის ზღვის წყლებში ვერტმფრენი ჩამოვარდა.
ორივე საჰაერო ხომალდზე, ჯამში, ეკიპაჟის ხუთი წევრი იმყოფებოდა. წყნარი ოკეანის ფლოტის განცხადებით, მათ ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება. მომხდართან დაკავშირებით დაწყებულია გამოძიება.
აღნიშნულთან დაკავშირებით ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში განაცხადეს, რომ ჩინეთი მზად არის, შეერთებულ შტატებს ჰუმანიტარული დახმარება გაუწიოს. შესაბამისი განცხადება ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა, გუო ჯიაკუნმა პრესკონფერენციაზე გააკეთა.
