ბელარუსის პრეზიდენტმა, ალექსანდრ ლუკაშენკომ ლიეტუვის მიერ ბელარუსთან საზღვრის დახურვას „აბსურდული თაღლითობა“ უწოდა. ამის შესახებ ლუკაშენკომ მინსკში, ევრაზიის უსაფრთხოების კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლის დროს განაცხადა.
„კონფერენციას არა მხოლოდ ჩვენ, მონაწილეები, არამედ ოპონენტებიც ელოდნენ, რომლებიც დღეს მინსკს ყურადღებით აკვირდებიან. მინსკში ყველა არ უნდა ჩამოსულიყო. სწორედ ეს იყო ჩვენი ზოგიერთი მეზობლის მიზანი, როდესაც მათ საზღვრის დაკეტვით აბსურდული თაღლითობა განახორციელეს. მათ აბსურდული მიზეზი მოიგონეს – საჰაერო ბურთები. ისეთი ქვეყნისთვისაც კი, როგორიც ლიეტუვაა, ეს საბრალო საქციელია. პასუხისმგებლობით შემიძლია განვაცხადო, რომ არანაირ განსაკუთრებულ კონტრაბანდაზე საუბარი არ არის“, – აცხადებს ბელარუსის პრეზიდენტი.
ამასთან, ალექსანდრ ლუკაშენკოს თქმით, მომხდარში დამნაშავე თუ მინსკია, მაშინ ბოდიშს მოიხდის.
„დამნაშავე თუ ხარ, ბოდიში უნდა მოიხადო. და თუ დაგვარწმუნებენ, რომ ჩვენ დამნაშავეები ვართ, მაშინ ბოდიშს საჯაროდ მოვიხდით. მაგრამ თუ სიგარეტით ან სხვა რამით სავსე საჰაერო ბურთები დაფრინავენ, ვფიქრობ, ამ საკითხს იქ უნდა მიხედონ“, – აღნიშნა ლუკაშენკომ.
გარდა ამისა, კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლის დროს ბელარუსის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ბელარუსსა და რუსეთს ევროპაზე თავდასხმის განზრახვა არ აქვთ და ესკალაცია არ სჭირდებათ.
ცნობისთვის, ლიეტუვამ ბელარუსთან საზღვარი განუსაზღვრელი ვადით ჩაკეტა. მიზეზი ბოლო დღეების განმავლობაში ლიეტუვის მიმართულებით გაშვებული კონტრაბანდული სიგარეტით დატვირთული საჰაერო ბურთებია.
