შედეგები თუ იქნება, დაე, მოლაპარაკებები ჩატარდეს ნებისმიერ ადგილას, მნიშვნელობა არ აქვს, ოღონდ, რა თქმა უნდა, არა რუსეთსა და ბელარუსში, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ მედიასთან საუბრისას განაცხადა.
უკრაინის ლიდერის თქმით, მიმდინარე კვირის ბოლოს დაგეგმილია უკრაინელი და ევროპელი მაღალჩინოსნების შეხვედრა სამშვიდობო გეგმის დეტალების განსახილველად.
„ეს არ არის ომის დასრულების გეგმა, უპირველეს ყოვლისა, საჭიროა ცეცხლის შეწყვეტა. ეს არის დიპლომატიის დაწყების გეგმა. ჩვენი მრჩევლები შეხვდებიან უახლოეს დღეებში, ჩვენ შევთანხმდით პარასკევზე ან შაბათზე. ისინი განიხილავენ ამ გეგმის დეტალებს“, – განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.
ზელენსკიმ ასევე მოუწოდა აშშ-ის კონგრესს, მიიღოს უფრო მკაცრი შეზღუდვები რუსეთის წინააღმდეგ და იმედი გამოთქვა, რომ ჩინეთი წვლილს შეიტანს ომის დასრულების ძალისხმევაში.
„ჩვენ ვისურვებდით, რომ ჩინეთმა განახორციელოს ზეწოლა რუსეთზე ამ ომის დასასრულებლად და არ დაეხმაროს კრემლს მის გაგრძელებაში“, – განაცხადა ზელენსკიმ.
