ოდესის ყოფილ მერს, გენადი ტრუხანოვს და ადგილობრივი საქალაქო საბჭოს სხვა თანამდებობის პირებს სამსახურებრივ გულგრილობაში წაუყენეს ბრალი სექტემბერში მომხდარი წყალდიდობის გამო, რასაც ოდესაში ცხრა ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. შესაბამის ინფორმაციას უკრაინის ნაციონალური პოლიცია და ოდესის საოლქო პროკურატურა ავრცელებენ.
საქმეში სულ ცხრა ფიგურანტია, მათ შორის ყოფილი მერი გენადი ტრუხანოვი, მისი ორი მოადგილე, ოდესის საქალაქო საბჭოს დეპარტამენტების თანამდებობის პირები, კომუნალური კომპანიის სტრუქტურული ქვედანაყოფის უფროსი და მთავარი ინჟინრები.
„ოდესის სადრენაჟე-სანიაღვრე სისტემა სტიქიისთვის მოუმზადებელი აღმოჩნდა. სამსახურებრივ გულგრილობაში ბრალი წაუყენეს საქმის ცხრა ფიგურანტს. ბოროტმოქმედებს რვა წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ“, – ნათქვამია პოლიციის განცხადებაში.
სამართალდამცველებმა ჩაატარეს ჩხრეკა 25 ადგილას – ადმინისტრაციულ შენობებში და ეჭვმიტანილების საცხოვრებელ მისამართებზე. ამოღებულია დოკუმენტაცია, კომპიუტერული ტექნიკა და მობილური ტელეფონები.
შეგახსენებთ, ორი კვირის წინ ცნობილი გახდა, რომ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ოდესის მერს, გენადი ტრუხანოვს უკრაინის მოქალაქეობა ჩამოართვა. როგორც ცნობილი ხდება, მოქალაქეობის ჩამორთმევის მიზეზი მერის რუსეთის მოქალაქეობა გახდა, რასაც ტრუხანოვი უარყოფს.
