BBC-ს ცნობით, უკრაინაში ავდეევკას დაცემის შემდეგ, 2024 წლის თებერვალში რუსეთის ჯარებმა ფართომასშტაბიანი შეტევა ჩრდილო-დასავლეთით, პოკროვსკთან დაიწყო.
რუსეთის ჯარმა ამ ექვსი თვის განმავლობაში თითქმის 40 კილომეტრით წინ წაიწია და ქალაქის გარეუბანს, კერძოდ, პოკროვსკ-მირნოგრადის აგლომერაციას მიუახლოვდა.
როგორც BBC წერს, ზოგიერთმა სამხედრო ანალიტიკოსმა ამ დასახლებების ოკუპაცია რამდენიმე თვეში იწინასწარმეტყველა, თუმცა, უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა 2025 წლის დასაწყისში შეძლო და მტერს პოკროვსკის გარეუბნებიდან უკან დაახევინა.
რუსეთის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსმა ვალერი გერასიმოვმა 26 ოქტომბერს რუსეთის პრეზიდენტისთვის ვლადიმერ პუტინისთვის ანგარიშის წარდგენისას, განაცხადა, რომ პოკროვსკის მახლობლად უკრაინის შეიარაღებული ძალების 31-ე ბრიგადა ალყაში იყო მოქცეული. რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ დააკონკრეტა, რომ საუბარია დაახლოებით 5500 სამხედრო მოსამსახურეზე.
პუტინმა 29 ოქტომბერს კიდევ ერთხელ გაიმეორა თავისი განცხადება პოკროვსკის „ალყაში მოქცევის“ შესახებ და გამოთქვა იდეა რამდენიმე საათით ცეცხლის შეწყვეტის გამოცხადებისა და უცხოელი ჟურნალისტების ჯგუფებისთვის პოკროვსკში შესვლის უფლების მიცემის შესახებ, რათა თავად შეეფასებინათ სიტუაცია.
BBC-ს ინფორმაციით, პოკროვსკის და მირნოგრადის სრულ ალყაში მოქცევის შესახებ განცხადებებს სკეპტიციზმით შეხვდნენ რუსი სამხედრო ბლოგერები.
