თბილისის საკრებულოში მერვე მოწვევის საკრებულოს თავმჯდომარედ ზურაბ აბაშიძე აირჩიეს. ახლად არჩეულმა თავმჯდომარემ სიტყვით გამოსვლისას პირველ რიგში თბილისელებს, შემდგომ კი კოლეგებს გამოცხადებული ნდობისთვის მადლობა გადაუხადა და განაცხადა, რომ იყო დედაქალაქის საკრებულოს წევრი დიდი პასუხისმგებლობაა.
აბაშიძემ მადლობა საქართველოს პრემიერ მინისტრს, დედაქალაქის მერს, პარტია „ქართული ოცნების“ ხელმძღვანელობასაც გადაუხადა. მისი თქმით, მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში თბილისის წარმომადგენლობითი ორგანო თავდაუზოგავად იმუშავებს იმ დაპირებების და პროექტების განსახორციელებლად, რომლებიც დედაქალაქის მოსახლეობისა და თბილისისთვის სასიკეთო იქნება.
„ჩვენ თბილისელებს ძალიან ბევრი დაპირება მივეცით და ამ დაპირებების შესასრულებლად მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში თავდაუზოგავად ვიმუშავებთ. დარწმუნებული ვარ, რომ საკრებულოს ახალი შემადგენლობის მუშაობა იქნება პროდუქტიული და ჩვენ, ყველანი ერთად, თბილისისთვის ბევრ სასიკეთო საქმეს გავაკეთებთ. მინდა, გამოცხადებული ნდობისთვის, მადლობა გადავუხადო თბილისის მოსახლეობას, პოლიტიკურ ხელმძღვანელობას, პრემიერ-მინისტრს, დედაქალაქის მერს, პარტიის თავმჯდომარეს. დიდი პასუხისმგებლობაა იყო თბილისის წარმომადგენლობითი ორგანოს წევრი და ორმაგი პასუხისმგებლობაა იყო თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე. ჩვენ ისევ ისე თავდაუზოგავად გავაგრძელებთ მუშაობას, როგორც აქამდე ვმუშაობდით და თბილისში უამრავი, საჭირო პროექტი განხორციელდება“, – განაცხადა აბაშიძემ.
საკრებულოს მერვე მოწვევის თავმჯდომარე ოპოზიციასაც მიესალმა და მათ წარმატებული მუშაობა უსურვა. ზურაბ აბაშიძის თქმით, იგი იმედოვნებს, რომ მათი თანამშრომლობა კონსტრუქციული იქნება.
„მინდა, მივესალმო ოპოზიციის წარმომადგენლებს და ვუსურვო წარმატებები. მინდა მჯეროდეს, რომ კონსტრუქციულ რეჟიმში გავაგრძელებთ მუშაობას. ჩვენ ამისთვის მზად ვართ. ჩვენი კარი მუდამ ღია იქნება თქვენთვის. სამწუხაროდ, წინა გამოცდილება არ იყო ასეთი. წინა მოწვევის ოპოზიციის წარმომადგენლებმა მთელი დრო ბოიკოტის რეჟიმში გაატარეს. შესაბამისად, შედეგიც სახეზეა. ჩვენ ახალი მოწვევის საკრებულოში 45 წევრით ვართ წარმოდგენილები, ოპოზიცია კი მხოლოდ ხუთით“, – განაცხადა აბაშიძემ.
