დარწმუნებული ვარ, მაქსიმუმ 2-3 წელიწადში ჩვენ ტოპ სამ ქვეყანას შორის ვიქნებით კორუფციის სიმცირის კუთხით, – განაცხადა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ლევან მაჭავარიანმა გადაცემაში „იმედი LIVE” ბოლო პერიოდის გახმაურებულ საქმეებთან დაკავშირებით დასმული კითხვის პასუხად.
ამ საკითხზე საუბრისას, მაჭავარიანმა ის საკანონმდებლო ინიციატივაც გაიხსენა, რომელიც კორუფციული დანაშაულის პრევენციას ისახავს მიზნად და რომელიც პარლამენტმა მეორე მოსმენით უკვე მიიღო.
“ბატონი ბიძინა ივანიშვილი უკვე 2 წელი ხდება, რაც შემობრუნდა პოლიტიკაში და გადაახვიეთ მისი სიტყვა. მთავარი აქცენტი გვაქვს გაკეთებული კორუფციაზე. რა ხდება ამის შემდეგ? პრემიერ მინისტრად ინიშნება ირაკლი კობახიძე და თითქმის ყველა მინისტრი არის დღეს გამოცვლილი. ირაკლი კობახიძე როგორც კი გახდა პრემიერ მინისტრი აბსოლუტურად ყველა სამთავრობო განკარგულება გახდა გამჭვირვალე, მან შეცვალა პირდაპირი წესით პრივატიზების პრაქტიკა, ჩამოაყალიბა სახელმწიფო ეფექტურობის დეპარტამენტი, რომლის მთავარი ფუნქცია არის კორუფციის გამოვლენა და აღმოფხვრა, გააძლიერა აუდიტის სამსახური და მთავარ აუდიტორად გადავიდა ბატონი გაბიტაშვილი, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელი გახდა მამუკა მდინარაძე, რომელიც ასევე მუშაობს კორუფციის აღმოფხვრაზე. შესაბამისად, ჩვენი გეგმა რაც არის და ბატონი კობახიძის დანაპირები – მე დარწმუნებული ვარ მაქსიმუმ 2-3 წელიწადში ჩვენ ტოპ სამ ქვეყანას შორის ვიქნებით კორუფციის სიმცირის კუთხით”, – განაცხადა მაჭავარიანმა.

 
				