ქართული სამოციქულო ეკლესია დღეს ლომისის წმინდა გიორგის სახელობის ტაძრის დღესასწაულს – ლომისობას, სულთმოფენობიდან მომდევნო ოთხშაბათს აღნიშნავს.
ლომისის სალოცავი განსაკუთრებული მადლის მატარებლად ითვლება და ამ დღეს იქ უამრავი მლოცველი იკრიბება.
ლომისის მთავარმოწამეს ადამიანისა და საქონლის გამრავლებას, უშვილონი – შვილიერებას შესთხოვდნენ.
ტაძარში რკინის დიდი საყელურიანი ჯაჭვი ინახება. ვისაც აღთქმა აქვს დადებული, ან აღთქმის დადება უნდა, ამ ჯაჭვს კისერზე იდებს და ტაძარს სამგზის შემოუვლის ლოცვით.
ლომისა წარმართული ღვთაება იყო მთიულეთში. მისი სახელობის სალოცავებიდან ერთი ქსნისა და არაგვის წყალგამყოფ ქედზეა, ხოლო მეორე – სოფელ მლეთაში. ამ დღეს მლეთაში მლოცველები მთელი აღმოსავლეთ საქართველოდან იკრიბებიან.
ტრადიციის თანახმად, დეკანოზები გამოასვენებდნენ დროშას და “ფერხისას” სიმღერით აიტანდნენ მთაზე, სადაც დღეობა შესაწირავით იმართებოდა.