ყოფილი ჯიჰადისტი, რომელიც სირიის პრეზიდენტი გახდა, თეთრ სახლში ისტორიულ შეხვედრაზე მიიღეს, – წერს ფრანგული გამოცემა Le Figaro.
„ყოფილი ჯიჰადისტი თეთრ სახლში ორშაბათს, ფოტოებისა და პრესკონფერენციის გარეშე მიიღეს. დონალდ ტრამპი თეთრი სახლის შესასვლელთან არ დახვდა მას, როგორც ეს სხვა სახელმწიფო მეთაურების შემთხვევაშია მიღებული, და პრესაც ოვალურ კაბინეტში არ მიუწვევიათ“, – ნათქვამია სტატიაში.
„თუმცა, „ალ-ქაიდას“ ყოფილი წევრის ვიზიტი თავისთავად საკმაოდ არაორდინარული და ერთ-ერთი გაუთვალისწინებელი მოვლენაა, რაც დონალდ ტრამპის უაღრესად პერსონალიზებული საგარეო პოლიტიკის წყალობით გახდა შესაძლებელი“, – აღნიშნულია სტატიაში.
ამერიკის პრეზიდენტს, როგორც ჩანს, მოეწონა აჰმედ ალ-შარაა მათი პირველი შეხვედრისას რიადში, საუდის არაბეთში, მიმდინარე წლის მაისში. „მომხიბვლელი ახალგაზრდა კაცი“, – განაცხადა მაშინ ტრამპმა. „მკაცრი პიროვნებაა. რთული, ძალიან რთული წარსული აქვს. მებრძოლია“.
ამერიკის პრეზიდენტსა და აჰმედ ალ-შარაას შორის დისკუსია ფოკუსირებული იყო მრავალრიცხოვან დიპლომატიურ შესაძლებლობებზე, რომლებიც დამასკოში რეჟიმის უეცარმა ცვლილებამ შესაძლებელი გახადა.
აშშ ამჟამად სირიის რამდენიმე საკითხში ჩართვას ცდილობს, კერძოდ, „ისლამური სახელმწიფოს“ წინააღმდეგ კოალიციაში, რომლის უჯრედებიც აღმოსავლეთ სირიაში ხელახლა გაჩნდა.
ტრამპს ასევე სურს სირიის ჩართვა თავის დიდ რეგიონულ სამშვიდობო გეგმაში – აბრაამის შეთანხმებების ხელმომწერი ქვეყნების სიაში. 2020 წელს ხელმოწერილი ეს შეთანხმებები მნიშვნელოვანი დიპლომატიური გარღვევა იყო, რომელმაც დიპლომატიური ურთიერთობები დაამყარა ისრაელსა და რამდენიმე არაბულ სახელმწიფოს შორის.
თავის მხრივ, ალ-შარაას სურს, რომ შეერთებულმა შტატებმა სირიაზე დაწესებული ყველა სანქცია მოხსნას.
