პოლონეთის თავდაპირველი მხარდაჭერის ტალღა უკრაინის მიმართ 2022 წელს რუსეთის შეჭრის შემდეგ ამჟამად „ამოწურულია“ და პოლონეთში მცხოვრები უკრაინის მოქალაქეების მიმართ დისკრიმინაციისა და სიძულვილის ენის მზარდი აქტები შეინიშნება, – წერს საინფორმაციო სააგენტო Bloomberg-ი სტატიაში სათაურით უკრაინელების მიმართ პოლონეთის მხარდაჭერა საშიშ დროს სუსტდება.
„სოლიდარობაში გაჩენილი ბზარები ახლა უფრო ცხადი ხდება, რადგან უკრაინის მხარდაჭერისადმი წინააღმდეგობა წინა პლანზე გამოდის პოლონეთის პოლიტიკური ელიტის შიგნით არსებულ ძალაუფლებისთვის ბრძოლაში“, – აღნიშნულია სტატიაში.
ომის დაწყებიდან ერთი თვის შემდეგ, ვარშავაში დაფუძნებული კვლევითი ორგანიზაცია CBOS-ის გამოკითხვამ აჩვენა, რომ პოლონელების 94%-ს სურდა უკრაინელი ლტოლვილების მიღება.
გასულ თვეს CBOS-ის კიდევ ერთმა გამოკითხვამ ეს მხარდაჭერა 48%-ზე დააფიქსირა, ხოლო პოლონელების ნახევარი ახლა ფიქრობს, რომ უკრაინიდან ჩამოსულებისთვის შეთავაზებული სახელმწიფო შეღავათები ზედმეტად გულუხვია.
პრეზიდენტმა კაროლ ნავროცკიმ, რომელმაც მიმდინარე წლის დასაწყისში მოულოდნელი საარჩევნო გამარჯვება მოიპოვა პრემიერ-მინისტრ დონალდ ტუსკის კანდიდატის დამარცხებით, ეჭვი გამოთქვა უკრაინის ნატოსა და ევროკავშირში გაწევრიანების მისწრაფებებთან დაკავშირებით. ნავროცკიმ აგვისტოში ვეტო დაადო კანონპროექტს, რომელიც უკრაინელი ლტოლვილებისთვის მხარდაჭერის გაგრძელებას ითვალისწინებდა.
ამასობაში, ტუსკის მთავრობა პოლონეთის დაცვის რეალპოლიტიკაზეა ორიენტირებული და ქვეყნის ეკონომიკის ზომასთან შედარებით თავდაცვაზე უფრო მეტ ფულს ხარჯავს, ვიდრე ნატოს ნებისმიერი სხვა წევრი.
„დიდი საკითხავია, როგორ შეუთავსებს ნავროცკი პოლონეთის ეროვნული უსაფრთხოების ინტერესებს მემარჯვენე ელექტორატში მზარდ ანტიუკრაინულ განწყობას“, – განაცხადა პიოტრ ბურასმა, ვარშავაში მდებარე საგარეო ურთიერთობათა საბჭოს უფროსმა მკვლევარმა.
რუსეთის თავდასხმის შემდეგ პოლონეთმა კიევს მილიარდობით ზლოტის სამხედრო და ფინანსური დახმარება გაუგზავნა. სტრატეგიული და ფინანსური მიზეზების გამო, იარაღის მიწოდება პოლიტიკური მხარდაჭერითა და მისი ტერიტორიის ლოგისტიკური მიზნებისათვის გამოყენებით შეიცვალა.
ევროკომისიის მონაცემებით, დაახლოებით მილიონი უკრაინელი კვლავ დროებითი დაცვის ქვეშ იმყოფება პოლონეთში.
ეკონომისტები ხაზს უსვამენ უკრაინელი მიგრანტების მიერ შეტანილ წვლილს. პოლონეთის განვითარების ბანკმა მარტში დაითვალა, რომ უკრაინელი მუშახელი, მათ შორის ისეთებიც, რომლებიც 2022 წლამდე ჩავიდნენ, პოლონეთის მთლიანი შიდა პროდუქტის 2.4%-ს უზრუნველყოფს, რომლის მოცულობამაც ცოტა ხნის წინ 1 ტრილიონ დოლარს გადააჭარბა.
