თურქეთის ფეხბურთის ფედერაციამ ფსონებთან დაკავშირებული სკანდალის გამო 1 024 ფეხბურთელს თამაშის უფლება შეუჩერა. მათი საქმეები გადაეცა დისციპლინარულ საბჭოს. ფედერაციის ცნობით, მათგან 27 თურქეთის სუპერლიგის მოთამაშეა, მათ შორის „გალათასარაის“ და „ბეშიქთაშის“ ფეხბურთელები. ფსონების სკანდალის გამო თურქეთის მესამე და მეოთხე ლიგის მატჩები ორი კვირით გადაიდო.
ადგილობრივი მედიის ცნობით, გამოძიების ფარგლებში დაკავებულია რვა ადამიანი, მათ შორის კლუბის თავმჯდომარე. მანამდე, ფსონებისა და ჩაწყობილი მატჩების საქმის ფარგლებში თურქეთის პროკურატურამ სულ 21 ადამიანის დაკავების ორდერი გასცა, მათ შორის 17 მსაჯის და ორი საფეხბურთო კლუბის პრეზიდენტების.
გასულ კვირას თურქეთის ფეხბურთის ფედერაციამ 149 თანამშრომელს, მათ შორის მსაჯებსა და მსაჯების ასისტენტებს უფლებამოსილება შეუჩერა. გამოძიებამ დაადგინა, რომ თურქეთის პროფესიონალურ ლიგებში მოქმედი 571 მსაჯიდან 371-ს ფსონების ანგარიშები ჰქონდა და მათგან 152 აქტიურად იყო ჩართული აზარტულ თამაშებში.
თურქეთის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა, იბრაჰიმ ჰაჯიოსმანოღლუმ სიტუაცია „თურქულ ფეხბურთში მორალურ კრიზისად“ შეაფასა.
