ანკარაში ხვალ თურქეთისა და ეგვიპტის წარმომადგენლები ომის შემდგომ ღაზის სექტორის აღდგენის საკითხზე იმსჯელებენ.
როგორც თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში არსებული წყარო აცხადებს, მინისტრი ჰაკან ფიდანი და მისი ეგვიპტელი კოლეგა ბადრ აბდელატი აშშ-ს შუამავლობით მიღწეული ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების მომდევნო ფაზებზე ისაუბრებენ.
თურქული მხარე მიიჩნევს, რომ მსოფლიოს გავლენიანი ქვეყნები უნდა დაეხმარონ ღაზის სექტორს აღდგენაში და თავად თურქეთი გეგმავს, საკუთარი წვლილი შეიტანოს ამაში.
მინისტრები ასევე დაესწრებიან თურქეთ-ეგვიპტის დაგეგმვის ჯგუფის პირველ შეხვედრას, რომელიც სტრატეგიული ურთიერთობების გაღრმავების ფარგლებში, ორ ქვეყანას შორის გასულ წელს გაფორმებული შეთანხმებით არის გათვალისწინებული და რომლის თანახმადაც, მომავალ წელს კაიროში მაღალ დონეზე მოლაპარაკებები უნდა გაიმართოს.
ცნობისთვის, თურქეთი, ეგვიპტე და კატარი მედიატორის როლს ასრულებდნენ ისრაელსა და „ჰამასს“ შორის მოლაპარაკებების პროცესში.
