გერმანელმა სამართალდამცველებმა ქალაქ დორტმუნდის მკვიდრი, ვინმე მარტინ ს. დააკავეს, რომელიც ინტერნეტში ქვეყნის ყოფილი კანცლერების ანგელა მერკელისა და ოლაფ შოლცის მკვლელობისთვის საჭირო თანხას აგროვებდა. ინფორმაციას გერმანული გამოცემა Bild-ი ავრცელებს.
გერმანიის ფედერალური პროკურატურის წარმომადგენელმა გამოცემას დაუდასტურა, რომ სამართალდამცველებმა ერთი ადამიანი გამოავლინეს, რომელიც ინტერნეტში პოლიტიკოსების მკვლელობისკენ მოუწოდებდა და კრიპტოვალუტის სახით შემოწირულებებს აგროვებდა.
მას 20 გერმანელი პოლიტიკოსის მკვლელობა სურდა. სიის სათავეში მერკელი და შოლცი იყვნენ. როგორც გამოცემა იუწყება, ბრალდებული პოლიტიკოსების მკვლელობას თავად არ აპირებდა. ის ეძებდა კილერს, რომელიც მის გეგმას სისრულეში მოიყვანდა.
Bild-ის ინფორმაციით, ბრალდებული უკმაყოფილო იყო გერმანული ხელისუფლების მოქმედებებით, განსაკუთრებით კორონავირუსული ინფექციის პანდემიის დროს. როგორც გამოცემა იუწყება, მარტინ ს. არის რადიკალური მემარჯვენე რაიხსბურგერების მოძრაობის აქტიური მხარდამჭერი.
