თურქეთის სამხედრო-საჰაერო ძალების კუთვნილ C-130 ტიპის თვითმფრინავს, რომელიც გუშინ საქართველოში ჩამოვარდა, აფეთქების ან გარე ზემოქმედების კვალი არ აღენიშნება. ინფორმაციას apa.az საკუთარ წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.
მედიის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ჩამოვარდნილ თვითმფრინავს F-16 ტიპის გამანადგურებლის ნაწილები აზერბაიჯანიდან თურქეთში გადაჰქონდა. ბორტზე აგრეთვე იმყოფებოდა თურქეთის შეიარაღებული ძალების 20 სამხედრო მოსამსახურე, რომლებიც 8 ნოემბერს ბაქოში გამართულ გამარჯვების აღლუმში მონაწილეობდნენ და სახლში ბრუნდებოდნენ.
„C-130-ის ფიუზელაჟზე გარე ზემოქმედების ელემენტების არარსებობა მის ჩამოგდებას გამორიცხავს. თუ ვივარაუდებთ, რომ თვითმფრინავში ასაფეთქებელი მოწყობილობა იყო, მის ფიუზელაჟზე აფეთქების კვალი უნდა არსებობდეს“, – წერს apa.az საკუთარ წყაროზე დაყრდნობით.
გამოცემის ინფორმაციით, ერთ-ერთი ვერსიით, C-130 ტიპის თვითმფრინავი ექსპლუატაციაში დიდი ხნის განმავლობაში იყო. ექსპერტები არ გამორიცხავენ, რომ თვითმფრინავის კორპუსს კოროზია ჰქონდა, რაც კატასტროფის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი წინაპირობაა.
გარდა ამისა, ექსპერტები კატასტროფის მეორე ვერსიასაც განიხილავენ. კერძოდ, შესაძლოა, თვითმფრინავში ტვირთი რეგლამენტის დარღვევით იყო დამაგრებული. გადასატანი ტვირთის დამაგრების წესების დარღვევასაც შეუძლია თვითმფრინავის კატასტროფის გამოწვევა.
