მოლდოვის მთავრობა ევროკავშირის მოთხოვნის შესაბამისად 1992 წელს ხელმოწერილი ე.წ. ბიშკეკის შეთანხმების დენონსაციას აპირებს, რაც დსთ-ს წევრ სახელმწიფოებთან უვიზო მიმოსვლის რეჟიმის გაუქმებას გულისხმობს. ინფორმაციას ფრანგული RFI ავრცელებს.
როგორც მოლდოვის საგარეო საქმეთა სამინისტროში განმარტეს, უვიზო რეჟიმის გაუქმება რუსეთს არ შეეხება, რადგან ეს ცალკე ხელშეკრულებით არის დარეგულირებული. დსთ-ს ფარგლებში გაფორმებული დოკუმენტის მოქმედების შეჩერება ტაჯიკეთთან და ყირგიზეთთან უვიზო რეჟიმის გაუქმებას გულისხმობს.
როგორც ფრანგული მედია წერს, მოლდოვის ხელისუფლება ამ ნაბიჯს ევროკავშირის სტანდარტებთან დაახლოების მიზნით დგამს. მედიის ცნობით, აღნიშნულ საკითხს მოლდოვის მთავრობა უახლოეს სხდომაზე განიხილავს.
მოლდოვის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, მას შემდეგ, რაც ქვეყნის მთავრობა შესაბამის გადაწყვეტილებას მიიღებს, დსთ-ს აღმასრულებელ კომიტეტს ოფიციალურად ეცნობება.
