უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, პიტერ სიიარტოს განცხადებით, უკრაინის კორუფციული სკანდალის გათვალისწინებით, ბრიუსელმა „ევროპელების ფულის უკრაინაში გაგზავნა“ უნდა შეწყვიტოს.
მისი თქმით, ბრიუსელი უკრაინის სახელმწიფოს საქმიანობას წლების განმავლობაში აფინანსებდა.
„ბრიუსელი, უკვე მრავალი წელია, ევროპელი ხალხის ფულით უკრაინის სახელმწიფოს ოპერაციებს აფინანსებს. ამასობაში უკრაინაში კორუფცია მძვინვარებს, ამიტომ გასაკვირი არ არის, რომ ჯერ არავის უნახავს ზუსტი ანგარიში იმის შესახებ, როგორ იხარჯება ევროკავშირიდან მიღებული თანხები. რა სურს ბრიუსელს? მეტი ფულის გაგზავნა უკრაინაში პრეზიდენტ ზელენსკისთვის, რომლის გარემოცვაშიც ცოტა ხნის წინ დიდი კორუფციული ქსელი გამოაშკარავდა. დროა, ეს სიგიჟე შევაჩეროთ, შევწყვიტოთ ევროპელი ხალხის ფულის უკრაინაში გაგზავნა“, – წერს პიტერ სიიარტო სოციალურ ქსელ „ფეისბუქზე“.
სიიარტომ ასევე აღნიშნა, რომ ვიდრე ის მთავრობაშია, უნგრელ ხალხს შეუძლია, დარწმუნებული იყოს, რომ მათი ფული უკრაინაში არ იგზავნება.
უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებას თან ერთვის სტატია, სადაც ვკითხულობთ, რომ უკრაინელი ბიზნესმენისა და უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის ახლო მეგობრის, ტიმურ მინდიჩის სახლში მიმდინარე წლის ივლისში ოქროს უნიტაზები აღმოაჩინეს.
ცნობისთვის, უკრაინის ეროვნულმა ანტიკორუფციულმა ბიურომ მასშტაბური კორუფციული საქმის გახსნის შესახებ გაავრცელა ინფორმაცია. საქმე ეხება უკრაინის სახელმწიფო კომპანიის, „ენერგოატომის“ თანხების გაფლანგვას. სამართალდამცველებმა რამდენიმე ადამიანის სახლში, მათ შორის გერმან გალუშენკოს სახლში ჩხრეკა ჩაატარეს. თანამდებობა დატოვეს იუსტიციის მინისტრმა, გერმან გალუშენკომ და ენერგეტიკის მინისტრმა, სვეტლანა გრინჩუკმა. კორუფციული სქემის ფიგურანტია ზელენსკის ახლო მეგობარი ტიმურ მინდიჩიც, რომელმაც ქვეყანა უკვე დატოვა.
