ამერიკის შეერთებულმა შტატებმა გერმანიაში, იტალიასა და საბერძნეთში ოთხი ჯგუფი ტერორისტულ ორგანიზაციად გამოაცხადა.
სახელმწიფო დეპარტამენტის ვებგვერდზე განთავსებული ინფორმაციის თანახმად, აღნიშნული ორგანიზაციებია: Antifa Ost (გერმანია), „არაფორმალური ანარქისტული ფედერაცია/საერთაშორისო რევოლუციური ფრონტი“ (FAI/FRI) (იტალია), „შეიარაღებული პროლეტარული სამართლიანობა“ (საბერძნეთი), „რევოლუციური კლასის თავდაცვა“ (საბერძნეთი).
აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო აცხადებს, რომ ამ ნაბიჯით პრეზიდენტ დონალდ ტრამპს სურს, „ანტიფას“ პოლიტიკური ძალადობის კამპანიას დაუპირისპირდეს.
მისივე თქმით, აღნიშნული ჯგუფები „უცხოურ ტერორისტულ ორგანიზაციებად“ ოფიციალურად 20 ნოემბრიდან გამოცხადდებიან. რუბიომ აღნიშნა, რომ უახლოეს მომავალში ვაშინგტონი მსოფლიოს სხვა ჯგუფებსაც მიზანში ამოიღებს.
„ამ მოძრაობასთან დაკავშირებული ჯგუფები რევოლუციურ, ანარქისტულ ან მარქსისტულ იდეოლოგიებს იყენებენ, მათ შორის ანტიამერიკანიზმს, ანტიკაპიტალიზმსა და ანტიქრისტიანობას. ამით ისინი ქვეყნის შიგნით და მის ფარგლებს გარეთ ძალადობრივ თავდასხმებს ახალისებენ. შეერთებული შტატები გააგრძელებს ყველა არსებული ინსტრუმენტის გამოყენებას ჩვენი ეროვნული და საზოგადოებრივი უსაფრთხოების დასაცავად“, – აღნიშნა რუბიომ.
