რა თქმა უნდა, სასამართლოსადმი მიმართვის უფლება არის საყოველთაოდ აღიარებული უფლება და კითხვები ჩნდება, როდესაც ასეთ დროს ჩვენ მსგავს კრიტიკას ვისმენთ, – განაცხადა გადაცემაში „EURO ანატომია“ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე გიორგი კახიანმა.
კერძოდ, მან უპასუხა წამყვანის კითხვას: „ნებისმიერმა პოლიტიკოსმა კარგად იცის, რომ დემოკრატიულ საზოგადოებაში, სასამართლოსთვის მიმართვის უფლება, ეს არის ერთ-ერთი ფუნდამენტური უფლება. რასთან გვაქვს საქმე, როდესაც ევროპელი პოლიტიკოსები „ქართულ ოცნებას“ აკრიტიკებენ იმის გამო, რომ პოლიტიკური პარტიების აკრძალვის მოთხოვნით მან საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართა?“
გიორგი კახიანის თქმით, ზოგადად, პარტიული პლურალიზმი არის უმნიშვნელოვანესი, თუმცა, პარტიების საქმიანობა არ არის აბსოლუტური უფლება.
„რა თქმა უნდა, პოლიტიკური გაერთიანებების საქმიანობა არის უმნიშვნელოვანესი რამ, ზოგადად პარტიული პლურალიზმი – ეს არის უმნიშვნელოვანესი რამ ნებისმიერი დემოკრატიული სახელმწიფოსთვის. ყოველი სახელმწიფოს კანონმდებლობა ადგენს მნიშვნელოვან გარანტიებს იმისთვის, რომ პოლიტიკური გაერთიანებების საქმიანობა იყოს თავისუფალი. იმავდროულად, პარტიების საქმიანობა არ არის აბსოლუტური უფლება. მთელ რიგ შემთხვევებში იგი შეიძლება შეიზღუდოს, მათ შორის, ისეთი მძიმე ზომითაც, როგორიც არის პოლიტიკური პარტიის აკრძალვა.
რაზეც ახლა ვსაუბრობ, ეს არ არის მხოლოდ საქართველოს კანონმდებლობით შემოთავაზებული რეგულაციები. არამედ, ეს არის ის ნორმები, რომლებიც ფაქტობრივად ყოველი დემოკრატიული სახელმწიფოს კანონმდებლობებით არის გაწერილი და განსაზღვრული. მაშინ, როდესაც ხდება საკონსტიტუციო სასამართლოსადმი მიმართვა და ასეთ კრიტიკას ვისმენთ, ბუნებრივია მთელი რიგი კითხვები ჩნდება – რატომ არის ეს, რა შეიძლება, რომ ვიფიქროთ ამ შემთხვევაში. ანუ, ეს აქტორები, რომლებიც ამ მიმართვას აკრიტიკებენ, მონდომებულები არიან არა იმისთვის, რომ მართლაც ნახონ სასამართლო პროცესი, რომელიც საჯარო იქნება, არამედ მათ თავიდანვე დაიწყეს დაცვა იმ პოლიტიკური გაერთიანებების, რომელთა მიმართაც, გასაგებია, რომ სუბიექტური ინტერესი გააჩნიათ“, – აღნიშნა კახიანმა.
მისივე განცხადებით, „ნაციონალური მოძრაობა“, „ლელო“, გვარამია-მელიას პარტია წარმოადგენენ მარიონეტებს გარკვეული ძალის ხელში ქვეყნის გარეთ.
„ამიტომ, როდესაც გარე აქტორებმა დაინახეს საფრთხე, რომ ამ პოლიტიკური პარტიების არაკონსტიტუციურობის საკითხი დადგა და მართლა შესაძლებელია არაკონსტიტუციურად გამოცხადდნენ, ჩაირთო ის მექანიზმი, როდესაც დაიწყეს მათი დაცვა.
ჩვენ ვხედავთ მცდელობებს, რომ ხელისუფლება, რომელიც იცავს ეროვნულ ინტერესებს, ხელისუფლება, რომელიც არ არის მართული და იცავს ქვეყნის სუვერენიტეტს, ჩანაცვლდეს ისეთი პოლიტიკური ფიგურებით და ისეთი პოლიტიკური ძალით, რომელიც მთლიანად მართული იქნება.
რა თქმა უნდა, ასეთ ძალად წარმოდგენილია, მათ შორის ეს სამი პოლიტიკური პარტია და ამიტომ, როდესაც ჩვენ ვხედავთ სრულიად უსაფუძვლო კრიტიკას, ბუნებრივია ეს ემსახურება მათ დაცვას და მარიონეტების მფარველობას“, – აღნიშნა გიორგი კახიანმა.
