აშშ-ის სამშვიდობო გეგმა რუსეთ-უკრაინის ომის დასრულების შესახებ წარმოადგენს ჩარჩო- დოკუმენტს, რომელიც ჯერ კიდევ საჭიროებს განხილვას, მაგრამ ეს არის კარგი გეგმა, – განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის სპეციალურმა წარმომადგენელმა უკრაინის საკითხებში, კიტ კელოგმა.
„ჯარში ვამბობთ: ბოლო 10 მეტრი მიზნამდე ყოველთვის ყველაზე რთულია. ახლა ჩვენ დაახლოებით ბოლო ორ მეტრზე ვართ. თითქმის მივაღწიეთ მიზანს. არის მომენტები, რომლებიც უნდა დაფიქსირდეს და ოდნავ დეტალურად განიმარტოს, მაგრამ ჩვენ უკვე თითქმის ფინიშთან ვართ“, – თქვა კელოგმა Fox News-ის ეთერში აშშ-ის სამშვიდობო გეგმაზე საუბრისას.
კელოგი მიიჩნევს, რომ როდესაც ვოლოდიმირ ზელენსკი ვაშინგტონში ჩავა, თუ ეს მოხდება, ის აშშ-ის წინადადებებს დათანხმდება . „მას შეუძლია თქვას: „ ეს კარგი გეგმაა, ჩვენ მას გავყვებით“, – დაამატა ტრამპის სპეციალურმა წარმომადგენელმა.
წამყვანის კითხვაზე, მოუსმენია თუ არა მას უკრაინის პოზიცია ამ გეგმის შესახებ, კელოგმა აღნიშნა, რომ ზელენსკიმ, პარასკევს, 21 ნოემბერს, მიმართვისას უკრაინელებს „წარუდგინა ეს გეგმა და არ უარუყვია ის“.
ახალი სამშვიდობო გეგმის შესახებ ცნობილი 19 ნოემბერს, გამოცემა Axios-ის პუბლიკაციიდან გახდა, მოგვიანებით კი პრესაში მისი დეტალები გაჩნდა. ამ დეტალების თანახმად, შეთავაზებულია უკრაინის შეიარაღებული ძალების რაოდენობის შეზღუდვა 600 ათასამდე, ნაცვლად ამჟამინდელი 800-850 ათასისა. გეგმა ასევე ითვალისწინებს, რომ ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგური ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს მეთვალყურეობის ქვეშ გადავა, ხოლო მის მიერ გამომუშავებული ელექტროენერგია რუსეთსა და უკრაინას შორის თანაბრად გადანაწილდება. გეგმაში ნათქვამი იყო, რომ ხერსონისა და ზაპოროჟიეს ოლქებში საზღვარი კონტაქტის ხაზის გასწვრივ გაიყინებოდა.
აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა აღნიშნა, რომ უკრაინისთვის შეთავაზებული ამჟამინდელი სამშვიდობო გეგმა საბოლოო წინადადება არ არის.
