ხვალ მექნება შესაძლებლობა, რომ მივმართო ასამბლეის მონაწილეებს დაკავშირებადობის უზრუნველყოფასა და ხელშეწყობაზე საპარლამენტო განზომილებით. იგეგმება მასშტაბური პროექტი შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის გატარებაზე, რომელიც მწვანე ენერგიით მოამარაგებს ევროკავშირს, ასევე ინტერნეტის დამაკავშირებელი ოპტიკურბოჭკოვანი ახალი კაბელის გატანა და ა.შ. – განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა დაკავშირებადობის უზრუნველყოფაზე საუბრისას.
მისივე თქმით, ეს მხოლოდ ნაწილია იმ ფუნქციისა, რომელსაც საქართველო და მთლიანად კავკასიის რეგიონი კისრულობს ევროკავშირის და აზიის ერთმანეთთან დასაკავშირებლად.
„ეს იქნება ჩვენი ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი, რომ დღეს არსებული სიტუაციით, მათ შორის სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის სამშვიდობო შეთანხმების პარაფირების შემდეგ, ეს პერსპექტივები კიდევ უფრო გაძლიერდა, რომ რეგიონმა ითამაშოს გადამწყვეტი როლი ევროპის და აზიის დაკავშირების მხრივ“, – აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.
