წარმოდგენილი პროექტი ეფუძნება გერმანულ მოდელს, რომელიც გამოცდილია წლების განმავლობაში და ეფექტიანია. საქმე ეხება ჩვენს მომავალ თაობას და აქედან გამომდინარე, ფრთხილებიც ვართ, წინდახედულებიც და სამი მოსმენის რეჟიმში შესაძლებლობა იქნება ყველა საკითხზე ვიმსჯელოთ, – განუცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებს.
ჟურნალისტმა მას ჰკითხა, რა გამოწვევები არსებობს და რას დააზღვევს „კანონთან კონფლიქტში მყოფ არასრულწლოვანთა რეაბილიტაციისა და მხარდაჭერის შესახებ“ კანონპროექტი.
„ჩვენი საზოგადოება ხედავს, რომ სამწუხაროდ ეს გამოწვევა დღეს არის, როდესაც 14 წელს მიუღწეველი არასრულწლოვანები ჩართული არიან სხვადასხვა სახის დანაშაულში. ვინაიდან 14 წლამდე არ დგება სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა, ეს კიდევ უფრო აქეზებს რეციდივს და განმეორებით დანაშაულის ჩადენას. ამას რეაგირება სჭირდება.
ვეძებდით მოდელებს, თუ რა შეიძლებოდა ყოფილიყო ამაზე ადეკვატური პასუხი. წარმოდგენილი პროექტი ეფუძნება გერმანულ მოდელს, რომელიც გამოცდილია წლების განმავლობაში და ეფექტიანია. პროექტის განხილვა მიდის ჩვეულებრივ რეჟიმში, ეს არ არის დაჩქარებული კანონპროექტი. ვისმენთ ყველა მოსაზრებას, რომელიც ამ საკითხს უკავშირდება. საქმე ეხება ჩვენს მომავალ თაობას და აქედან გამომდინარე, ფრთხილებიც ვართ, წინდახედულებიც და სამი მოსმენის რეჟიმში შესაძლებლობა იქნება ყველა საკითხზე ვიმსჯელოთ.
არსებობს საუკეთესო გამოცდილება სხვადასხვა ქვეყანაში და ამ გამოცდილებაზე დაფუძნებით შემუშავდა პროექტი, რომელიც საპარლამენტო განხილვების პროცესში კიდევ უფრო დაიხვეწება და მიიღებს საბოლოო სახეს ყველა მოსაზრების გათვალისწინებით“, – აღნიშნა პაპუაშვილმა.
