გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი აცხადებს, რომ „სკეპტიკურად არის განწყობილი“ იმის მიმართ, რომ უკრაინასთან დაკავშირებული შეთანხმება აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მიერ დაწესებულ ვადაში მიიღწევა. შესაბამისი განცხადება მერცმა იოჰანესბურგში, „დიდი ოცეულის“ სამიტში მონაწილეობისას გააკეთა.
„ჩვენ ამისგან ძალიან შორს ვართ. ეს არ ნიშნავს, რომ შეთანხმების მიღწევა სრულიად შეუძლებელია“, – დასძინა მან და აღნიშნა, რომ სკეპტიკურად არის განწყობილი კონკრეტული თარიღის მიმართ.
მერცი ამბობს, რომ ახლა ყურადღება უნდა გამახვილდეს ისეთი დოკუმენტის შემუშავებაზე, რომელიც მისაღები იქნება უკრაინისთვის და რომელიც შემდეგ გამოყენებული იქნება რუსეთთან სამშვიდობო შეთანხმების მოსალაპარაკებლად.
დონალდ ტრამპმა უკრაინას 28-პუნქტიან გეგმაზე დასათანხმებლად ხუთშაბათამდე მისცა ვადა, როდესაც აშშ-ში მადლიერების დღეს აღნიშნავენ.
ახალი სამშვიდობო გეგმის შესახებ ცნობილი 19 ნოემბერს, გამოცემა Axios-ის პუბლიკაციიდან გახდა, მოგვიანებით კი პრესაში მისი დეტალები გაჩნდა. ამ დეტალების თანახმად, შეთავაზებულია უკრაინის შეიარაღებული ძალების რაოდენობის შეზღუდვა 600 ათასამდე, ნაცვლად ამჟამინდელი 800-850 ათასისა. გეგმა ასევე ითვალისწინებს, რომ ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგური ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს მეთვალყურეობის ქვეშ გადავა, ხოლო მის მიერ გამომუშავებული ელექტროენერგია რუსეთსა და უკრაინას შორის თანაბრად გადანაწილდება. გეგმაში ნათქვამი იყო, რომ ხერსონისა და ზაპოროჟიეს ოლქებში საზღვარი კონტაქტის ხაზის გასწვრივ გაიყინებოდა.
