ვისზე დადეს ფსონი უცხოურმა სპეცსამსახურებმა საქართველოში, საქართველოს წინააღმდეგ? „იმედის კვირის“ მორიგი ექსკლუზივი – ჟურნალისტური გამოძიების ახალი თავი, რომელიც სრულად ამხელს უცხო ქვეყნების სპეცსამსახურების მიერ ჩამოყალიბებულ და უცხოური ფულით ხელოვნურად გაერთიანებულ ჩრდილოვან მედია-ქსელს, – ამგვარად წარადგინა „იმედის კვირის“ წამყვანმა, ტელეკომპანია „იმედის“ გენერალური დირექტორის მოადგილემ ირაკლი ჩიხლაძემ კვირის სკანდალური გამოძიება.
მაყურებელი სპეციალურ რეპორტაჟში შეიტყობს სიმართლეს, თუ როგორ მოქმედებენ მედიის ნიღაბს ამოფარებული ონლაინ პლატფორმები, როგორ ხდება ხელოვნური პროტესტის ორგანიზება, დეზინფორმაციის სისტემური გავრცელება, ეროვნული მნიშვნელობის პროექტებზე ცრუ ნარატივით შეტევა და როგორ გეგმავენ მიზანმიმართულ კამპანიას, ქვეყნის ეკონომიკის ჩამოსანგრევად.
„ქართულმა სპეცსამსახურებმა არა ერთი ანტისახელმწიფოებრივი გეგმა გაშიფრეს. და ის, რასაც ახლა ჩვენ მოგიყვებით, მხოლოდ აისბერგის წვერია იმ შესწავლილი ზღვა მასალისა, რომელიც ჩვენ მოვიპოვეთ.
ფაქტია, ასობით საქმეა გაანალიზებული იმის შესახებ, თუ როგორ მოქმედებენ უცხო ქვეყნის სპეცსამსახურები გასაიდუმლოებული სცენარებით საქართველოს წინააღმდეგ, რამხელა ფინანსური ქსელია შექმნილი და რამდენი ორგანიზაციაა ჩართული ამ მრავალწახნაგიან ოპერაციაში ჩვენი ქვეყნის ასარევად. თქვენ თავად გამოიტანეთ დასკვნა – რა მასშტაბის ღალატზეა საუბარი”, – აღნიშნა ირაკლი ჩიხლაძემ.
ანტიქართული ქსელი, რომელიც მოქმედებს მედიის საფარქვეშ და ემსახურება უცხო ქვეყნის სპეცსამსახურებს საქართველოს წინააღმდეგ – ნახეთ ანუკი გუმბერიძის და სანდრო გამსახურდიას ერთობლივი სპეცრეპორტაჟი.
