ყირგიზეთში დააკავეს ყოფილი პრეზიდენტის, ალმაზბეკ ატამბაევის შვილი კადირბეკ ატამბაევი და ყოფილი პრეზიდენტის რამდენიმე მოკავშირე პოლიტიკოსი. მათ საპარლამენტო არჩევნების შემდეგ მასობრივი არეულობის დაგეგმვაში ადანაშაულებენ.
კერძოდ, ყირგიზეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, კადირბეკ ატამბაევის გარდა, დაკავებული არიან ეროვნული უსაფრთხოების სახელმწიფო კომიტეტის სახელმწიფო დაცვის სამსახურის ყოფილი უფროსი დამირ მუსაკეევი, სოციალ-დემოკრატიული პარტიის ლიდერი ტემირლან სულთანბეკოვი, ასევე, ყოფილი დეპუტატები – შაილობეკ ატაზოვი და კუბანიჩბეკ კადიროვი.
უწყების ცნობით, ხუთივე დაკავებული გეგმავდა რესპუბლიკის საპარლამენტო არჩევნების ჩატარების შემდეგ მიტინგების სერიის ორგანიზებას, რათა შეექმნათ მასობრივი უკმაყოფილების სახე. როგორც სამინისტროში აცხადებენ, დაკავებულები ასევე გეგმავდნენ ანტიკონსტიტუციური მოთხოვნების წაყენებას და ადმინისტრაციული შენობების, ტელეარხების, ძალოვანი სტრუქტურების ობიექტების, იარაღის საწყობებისა და პენიტენციალური სისტემის დაწესებულებების დაკავებას.
შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ დაგეგმილი ქმედებების მხარდაჭერა უნდა უზრუნველყოთ „კრიმინალურ ელემენტებს“.
ყირგიზეთში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები 30 ნოემბერს არის დაგეგმილი.
