უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, პიტერ სიიარტო, ევროპელ ლიდერებს მოუწოდებს, მხარი დაუჭირონ 28-პუნქტიან გეგმას, რომელიც, მისი თქმით, უკრაინაში ომის დასრულების „მნიშვნელოვანი შანსია“.
„ყველა ევროპელი პოლიტიკოსის მოვალეობაა, სრულად და უპირობოდ დაუჭიროს მხარი ამ გეგმას, რადგან ეს არის რაციონალური და ჰუმანური არჩევანი“, – აცხადებს სიიარტო.
მან გააკრიტიკა ყველა დასავლელი ლიდერი, ვინც სამშვიდობო გეგმის დაბლოკვას ცდილობს.
ახალი სამშვიდობო გეგმის შესახებ ცნობილი 19 ნოემბერს, გამოცემა Axios-ის პუბლიკაციიდან გახდა, მოგვიანებით კი პრესაში მისი დეტალები გაჩნდა. ამ დეტალების თანახმად, შეთავაზებულია უკრაინის შეიარაღებული ძალების რაოდენობის შეზღუდვა 600 ათასამდე, ნაცვლად ამჟამინდელი 800-850 ათასისა. გეგმა ასევე ითვალისწინებს, რომ ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგური ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს მეთვალყურეობის ქვეშ გადავა, ხოლო მის მიერ გამომუშავებული ელექტროენერგია რუსეთსა და უკრაინას შორის თანაბრად გადანაწილდება. გეგმაში ნათქვამი იყო, რომ ხერსონისა და ზაპოროჟიეს ოლქებში საზღვარი კონტაქტის ხაზის გასწვრივ გაიყინებოდა.
აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა აღნიშნა, რომ უკრაინისთვის შეთავაზებული ამჟამინდელი სამშვიდობო გეგმა საბოლოო წინადადება არ არის. 23 ნოემბერს, შეერთებული შტატებისა და უკრაინის წარმომადგენლებმა, ვაშინგტონის სამშვიდობო წინადადების განსახილველად, ჟენევაში შეხვედრა გამართეს, შემდეგ კი განახლებული და დახვეწილი სამშვიდობო ჩარჩოს შემუშავების შესახებ განაცხადეს.
