კრემლში აცხადებენ, რომ რუსეთს უკრაინაში სამშვიდობო გეგმის განახლებული ვარიანტი ჯერ არ მიუღია. შესაბამისი განცხადება რუსეთის პრეზიდენტის პრესსპიკერმა, დმიტრი პესკოვმა გააკეთა.
მისივე თქმით, მოსკოვი აკვირდება დისკუსიებს და ხვდება, რომ 28-პუნქტიან გეგმაში გარკვეული ცვლილებებია შეტანილი.
„ჯერჯერობით ოფიციალურად არაფერი მიგვიღია“, – განაცხადა მან.
მან ასევე აღნიშნა, რომ მიმდინარე კვირაში რუსეთსა და აშშ-ს შორის უკრაინის საკითხზე მოლაპარაკებები დაგეგმილი არ არის.
ახალი სამშვიდობო გეგმის შესახებ ცნობილი 19 ნოემბერს, გამოცემა Axios-ის პუბლიკაციიდან გახდა, მოგვიანებით კი პრესაში მისი დეტალები გაჩნდა. ამ დეტალების თანახმად, შეთავაზებულია უკრაინის შეიარაღებული ძალების რაოდენობის შეზღუდვა 600 ათასამდე, ნაცვლად ამჟამინდელი 800-850 ათასისა. გეგმა ასევე ითვალისწინებს, რომ ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგური ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს მეთვალყურეობის ქვეშ გადავა, ხოლო მის მიერ გამომუშავებული ელექტროენერგია რუსეთსა და უკრაინას შორის თანაბრად გადანაწილდება. გეგმაში ნათქვამი იყო, რომ ხერსონისა და ზაპოროჟიეს ოლქებში საზღვარი კონტაქტის ხაზის გასწვრივ გაიყინებოდა.
აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა აღნიშნა, რომ უკრაინისთვის შეთავაზებული ამჟამინდელი სამშვიდობო გეგმა საბოლოო წინადადება არ არის. 23 ნოემბერს, შეერთებული შტატებისა და უკრაინის წარმომადგენლებმა, ვაშინგტონის სამშვიდობო წინადადების განსახილველად, ჟენევაში შეხვედრა გამართეს, შემდეგ კი განახლებული და დახვეწილი სამშვიდობო ჩარჩოს შემუშავების შესახებ განაცხადეს.
