სამშვიდობო გეგმა, მისი შესრულება კონსენსუსამდე მიღწევის სურვილი იქნება დემონსტრირება იმისა, თუ რა პროცესები მიმდინარეობს მსოფლიოში. როგორც ვხედავთ, ჯერჯერობით ბრიუსელის პოზიცია არის საკმაოდ ხისტი და საეჭვო, – განაცხადა საქართველოს პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა გიორგი ვოლსკიმ „დღის ქრონიკაში“.
ვოლსკი გამოეხმაურა ახალ სამშვიდობო გეგმას, რომელმაც უკრაინასა და რუსეთს შორის ურთიერთობა უნდა დაალაგოს.
„არსებობს სამშვიდობო გეგმა, რომელიც წამგებიან პოზიციაში აყენებს უკრაინას. ვწუხვარ, რომ ამ სამშვიდობო გეგმის უკან წინაპირობა უშველებელია – სისხლის და ცრემლის რაოდენობა რაც დაიღვარა, თუმცა ცივსისხლიანი მსოფლიო პრაგმატიზმს არ ითვალისწინებს. სამშვიდობო გეგმა, მისი შესრულება კონსენსუსამდე მიღწევის სურვილი იქნება დემონსტრირება იმისა, თუ რა პროცესები მიმდინარეობს მსოფლიოში. როგორც ვხედავთ, ჯერჯერობით ბრიუსელის პოზიცია არის საკმაოდ ხისტი და საეჭვო იმასთან დაკავშირებით, რომ მილიარდობით დახარჯული უშველებელი რაოდენობის თანხების დიდი ნაწილი ვიღაცის ჯიბეებში გაქრა. კორუფციის სკანდალი სახეზეა და შესაბამისად, ეს შეკითხვებს წარმოშობს, პოლიტიკური და პრაგმატული გადაწყვეტილებების მიღმა ხომ არ ბუდობს აქ კიდევ კორუფციასთან დაკავშირებული დანაშაული. სულ არ აინტერესებთ იქ ბავშვები ტირიან, თუ ახალგაზრდები იხოცებიან“, – აღნიშნა ვოლსკიმ.
ახალი სამშვიდობო გეგმის შესახებ ცნობილი 19 ნოემბერს, გამოცემა Axios-ის პუბლიკაციიდან გახდა, მოგვიანებით კი პრესაში მისი დეტალები გაჩნდა. ამ დეტალების თანახმად, შეთავაზებულია უკრაინის შეიარაღებული ძალების რაოდენობის შეზღუდვა 600 ათასამდე, ნაცვლად ამჟამინდელი 800-850 ათასისა. გეგმა ასევე ითვალისწინებს, რომ ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგური ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს მეთვალყურეობის ქვეშ გადავა, ხოლო მის მიერ გამომუშავებული ელექტროენერგია რუსეთსა და უკრაინას შორის თანაბრად გადანაწილდება. გეგმაში ნათქვამი იყო, რომ ხერსონისა და ზაპოროჟიეს ოლქებში საზღვარი კონტაქტის ხაზის გასწვრივ გაიყინებოდა.
