იტალიამ „ჩრდილოეთ ნაკადის“ მილსადენების აფეთქებაში ეჭვმიტანილი უკრაინელი სერგეი კუზნეცოვი გერმანიას გადასცა. ინფორმაციას ამის შესახებ გერმანული მედია ავრცელებს.
კუზნეცოვის გერმანიაში ექსტრადირება ვერტმფრენით განხორციელდა. ახლა გერმანიის სასამართლო მისთვის აღკვეთის ზომის გამოტანაზე იმსჯელებს, რის შემდეგაც სასამართლო პროცესი გაიმართება.
იტალიის უზენაესმა სასამართლომ 20 ნოემბერს ძალაში დატოვა ქვედა ინსტანციის გადაწყვეტილება „ჩრდილოეთ ნაკადის“ მილსადენების აფეთქებაში ეჭვმიტანილის გერმანიაში ექსტრადირების შესახებ.
სერგეი კუზნეცოვი, უკრაინის შეიარაღებული ძალების ყოფილი კაპიტანი ევროპული ორდერის საფუძველზე 21 აგვისტოს დააკავეს. გერმანიის პროკურატურის ინფორმაციით, დაკავებული სერგეი კუზნეცოვი იყო იმ ჯგუფის წევრი, რომელმაც ბალტიის ზღვაში, „ჩრდილოეთ ნაკადის“ მილსადენებზე ასაფეთქებელი მოწყობილობები დაამონტაჟა. გერმანიაში მას ბრალად ედება შეთქმულება აფეთქების მოწყობის მიზნით, ანტიკონსტიტუციური დივერსია და მნიშვნელოვანი ნაგებობების განადგურება.
მილსადენ „ჩრდილოეთის ნაკადზე“ თავდასხმა 2022 წლის სექტემბერში განხორციელდა. უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ არაერთხელ განაცხადა, რომ უკრაინას მილსადენების აფეთქებასთან საერთო არაფერი აქვს.
