გერმანიიდან ტურისტული ნაკადების მოზიდვის მიზნით საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია აქტიურ მარკეტინგულ კამპანიას ატარებს. გერმანიის სამ ქალაქში საქართველოს ტურისტულ პოტენციალს მასშტაბურ „როუდშოუებზე“ გაეცნენ. ღონისძიებები ფრანკფურტში, მიუნხენსა და ბერლინში გაიმართა. ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ორგანიზებით, პრეზენტაციებზე 10 ქართული კომპანია იყო წარმოდგენილი. ტუროპერატორებს საშუალება ჰქონდათ გერმანელ კოლეგებთან B2B ფორმატის ფარგლებში შეხვედრები მოეწყოთ, სადაც თანამშრომლობის საკითხები განიხილეს.
„როუდშოუს“ მონაწილეებს სიტყვით მიმართა გერმანიაში საქართველოს ელჩმა ალექსანდრე კარტოზიამ.
გერმანიის ქალაქებში, საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის „როუდშოუებს“ 200-მდე გერმანელი ტუროპერატორი დაესწრო. გერმანული კომპანიები გაეცნენ საქართველოს ტურისტულ პროდუქტებს, ინფორმაცია მიიღეს მიმართულებების, მათ შორის ზამთრის კურორტების შესახებ.
„როუდშოუების“ პარალელურად, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მარკეტინგული კამპანიის ფარგლებში, მთელი წლის განმავლობაში, გერმანიის ქალაქებში საქართველოს ტურისტული პოტენციალის წარმოსაჩენად სხვადასხვა ტიპის აქტივობა ტარდება, რაც გარე და სატელევიზიო რეკლამას, სოციალურ ქსელებში კამპანიებსა და მედია ტურებს მოიცავს.
