მაიამიში გამართული შეხვედრის შემდეგ, უკრაინისა და აშშ-ის დელეგაციები ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ.
როგორც განცხადებაშია აღნიშნული, ორი დღის განმავლობაში მშვიდობის საკითხებში აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენლები სტივ უიტკოფი და ჯარედ კუშნერი უკრაინის ეროვნული უშიშროებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანს რუსტემ უმეროვს და უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსს, გენერალ ანდრეი გნატოვს კონსტრუქციული მოლაპარაკებებისთვის შეხვდნენ. შეხვედრის მიზნად დელეგაციები უკრაინაში ხანგრძლივი და სამართლიანი მშვიდობის მიღწევის გზაზე წინსვლას ასახელებენ.
„დღეს ჯგუფმა ბოლო ორი კვირის განმავლობაში მეექვსე შეხვედრა გამართა. მდივანმა უმეროვმა კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ უკრაინის პრიორიტეტს წარმოადგენს ისეთი შეთანხმების მიღწევა, რომელიც მის დამოუკიდებლობასა და სუვერენიტეტს დაიცავს, უზრუნველყოფს უკრაინელების უსაფრთხოებას და შექმნის მყარ საფუძველს წარმატებული დემოკრატიული მომავლისთვის.
მონაწილეებმა განიხილეს ამერიკული მხარისა და რუსების ბოლო შეხვედრის შედეგები და ნაბიჯები, რომლებმაც შესაძლოა, ამ ომის დასრულებამდე მიგვიყვანოს. ამერიკელები და უკრაინელები ასევე შეთანხმდნენ უსაფრთხოების მექანიზმების ჩარჩოზე და განიხილეს ხანგრძლივი მშვიდობის უზრუნველსაყოფად საჭირო შეკავების შესაძლებლობები. ორივე მხარე შეთანხმდა, რომ ნებისმიერი შეთანხმების მისაღწევად რეალური პროგრესი დამოკიდებულია რუსეთის მზადყოფნაზე, გამოიჩინოს სერიოზული ერთგულება გრძელვადიანი მშვიდობის მიმართ, მათ შორის დეესკალაციისა და მკვლელობების შეწყვეტისკენ ნაბიჯების გადადგმით,“ – ვკითხულობთ განცხადებაში.
აშშ-ისა და უკრაინის დელეგაციების მიერ გავრცელებული ერთობლივი განცხადების თანახმად, „მხარეებმა ასევე ცალ-ცალკე განიხილეს მომავალი კეთილდღეობის დღის წესრიგი, რომელიც მიზნად ისახავს უკრაინის ომის შემდგომი რეკონსტრუქციის, აშშ-უკრაინის ერთობლივი ეკონომიკური ინიციატივებისა და გრძელვადიანი აღდგენის პროექტების მხარდაჭერას.“
ამერიკული და უკრაინული მხარეები ასევე ხაზგასმით აღნიშნავენ, რომ „ომის დასრულება და ცეცხლის შეწყვეტისა და დეესკალაციისკენ სანდო ნაბიჯების გადადგმა აუცილებელია აგრესიის განახლების თავიდან ასაცილებლად და უკრაინის ყოვლისმომცველი რეკონსტრუქციის გეგმის განხორციელების უზრუნველსაყოფად, რომელიც შექმნილია იმისთვის, რომ ერი ომამდელთან შედარებით უფრო ძლიერი გახდეს.“
ამასთან, ერთობლივი განცხადების თანახმად, აშშ-ისა და უკრაინის დელეგაციები შეთანხმდნენ, რომ მოლაპარაკებების გასაგრძელებლად მხარეები დღესაც შეიკრიბებიან.
