უმწეო ევროპელებს შეუძლიათ მხოლოდ გაბრაზდნენ, როდესაც ტრამპი მათ სამართლიანად წევს გვერდით უკრაინის შეთანხმებიდან, – ამის შესახებ სტატიას „ნიუ იორკ პოსტი“ აქვეყნებს.
სტატიას საკუთარ სოციალურ ქსელში აზიარებს თავად აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპიც.
სტატიაში საუბარია, რომ, ტრამპის სამშვიდობო გეგმის მიხედვით, უკრაინა ინარჩუნებს სუვერენიტეტს და შეუძლია ევროკავშირში გაწევრიანება, ხოლო რუსეთი ინარჩუნებს უკრაინის აღმოსავლეთ ტერიტორიებს და ოკუპირებულ ყირიმს. რაც შეეხება უკრაინის ნატო-ში გაწევრიანების ნაწილს, პუბლიკაციაში საუბარია, რომ ქვეყანა ვერ გახდება ჩრდილოატლანტიკური ალიანსის წევრი, მაგრამ მიიღებს უსაფრთხოების გარანტიებს ნატო-სგან.
„თუმცა უკრაინას ექნება ნატო-ს უსაფრთხოების გარანტიები და მისი რეგულარული არმია ორჯერ მეტი იქნება ომამდელ რაოდენობაზე, რაც მას ბუფერულ სახელმწიფოდ აქცევს, შეღავათებით. შეერთებული შტატები იშუამავლებს რუსეთ-ნატო-ს დიალოგში ნატო-ს აღმოსავლეთ ფრონტის განმუხტვის მიზნით, რაც ევროპელებს საშუალებას მისცემს, დაუბრუნდნენ მნიშვნელოვან საქმეს – საუზმის ნამცხვარში კრემის დამატებას და კვირაში 35 საათის განმავლობაში მუშაობას. თუმცა ევროპელები პუტინის პირობებით ომს ამჯობინებენ, ვიდრე ტრამპის პირობებით მშვიდობას“, – წერია „ნიუ იორკ პოსტის“ სტატიაში.
სტატიის ავტორის, დომინიკ გრინის აზრით, ევროპელები არიან პაციფისტები, რომლებსაც ომის გახანგრძლივება სურთ, ასევე, მეომრები, რომლებსაც ხმალი არ აქვთ და სტრატეგები, რისიც არაფერი ესმით.
„და მოკავშირეები, რომლებიც შეთქმულებას აწყობენ და დასცინიან თავიანთ ამერიკელ მფარველს, როდესაც ეს უკანასკნელი ცდილობს, დაასრულოს ომი, რომლის დაწყებასაც მათმა ამპარტავნობამ შეუწყო ხელი“, – წერს ავტორი.
სტატიის თანახმად, ევროპა ვერ შეძლებს უკრაინის დაცვას ვერც ფინანსურად და ვერც სამხედრო თვალსაზრისით ამერიკის დახმარების გარეშე.
„ევროპის მიერ ტრამპის შეთანხმებისთვის ხელის შეშლა პუტინისთვის საჩუქარია… ისინი ცდილობენ, მოლაპარაკების მაგიდასთან ადგილი შეინარჩუნონ, თუნდაც ეს პუტინის აგრესიის დაჯილდოებას ნიშნავდეს, თუმცა ომის კიდევ ერთი რაუნდი, შეიძლება, უკრაინისთვის საბედისწერო აღმოჩნდეს“, – წერია სტატიაში.
ავტორის აზრით, ახლა ტრამპს მტკიცედ აქვს გადაწყვეტილი, უკრაინასთან დაკავშირებით შეთანხმებას მიაღწიოს და ევროპელები საკუთარ ტერიტორიაზე უმნიშვნელო ხდებიან.
„ზრდასრულებმა ეს ყველაფერი ევროპელების თავზემოთ გადაწყვიტეს. რა თქმა უნდა, ევროპელები შეურაცხყოფილები არიან – აშშ და რუსეთი აყალიბებენ ევროპის მომავალს მათ გარეშე. მაგრამ თუ ბავშვივით იქცევი, ბავშვივით მოგექცევიან“, – აღნიშნულია სტატიაში.
