უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი კუპიანსკში ჩავიდა, სამხედროებს სახმელეთო ჯარების დღე მიულოცა და ქალაქიდან ვიდეომიმართვა გაავრცელა.
მისი თქმით, უკრაინული ძალები კუპიანსკის მიმართულებით წარმატებებს აღწევენ და რუსებს ანადგურებენ.
ზელენსკის განცხადებით, ფრონტის ხაზზე წარმატება დიპლომატიური შედეგების მისაღწევად მნიშვნელოვანია.
„ეს კუპიანსკის მიმართულებაა, ჩვენი ჯარისკაცები აქ უკრაინისთვის შედეგებს აღწევენ. კუპიანსკზე ბევრი რუსი საუბრობდა – ჩვენ ამას ვხედავთ. მე იქ ვიყავი, ბიჭებს მივულოცე. მადლობა ყველა დანაყოფს, ვინც აქ იბრძვის. ყველას, ვინც ოკუპანტს ანადგურებს. დღეს უკიდურესად მნიშვნელოვანია ფრონტის ხაზზე შედეგების მიღწევა, რათა უკრაინამ დიპლომატიური შედეგების მიღწევა შეძლოს. სწორედ ასე მუშაობს ეს: ქვეყნის შიგნით ძლიერი პოზიციები, ომის დასრულების შესახებ მოლაპარაკებებში ძლიერ პოზიციებს ნიშნავს. მადლობა ყველა ჯარისკაცს. ვამაყობთ თქვენით. მადლობა ჩვენს სახმელეთო ჯარს, დღეს თქვენი დღეა“, – განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ვიდეომიმართვაში.
ამასთან, უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა განაცხადეს, რომ ჩრდილო-აღმოსავლეთით მდებარე ქალაქ კუპიანსკის ნაწილი დაიბრუნეს და იქ მყოფი რუსი ჯარისკაცები ალყაში მოაქციეს.
უკრაინის ეროვნული გვარდიის ხარტიის კორპუსის ცნობით, გათავისუფლებულია კუპიანსკის რამდენიმე ჩრდილოეთით მდებარე რაიონი.
„შეგვიძლია ვთქვათ, რომ ქალაქში მყოფი რუსები სრულიად განვდევნეთ. დიდი ხნის განმავლობაში ვერ იგებდნენ, რა ხდებოდა. ახლა კი, იციან, რომ ალყაში არიან მოქცეული“, – განაცხადა ხარტიის მეთაურმა, იგორ ობოლენსკიმ.
