თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა ჟურნალისტებთან საუბრისას კომენტარი გააკეთა უკრაინაში მშვიდობის, თურქეთის ევროკავშირში გაწევრიანებისა და ახლო აღმოსავლეთის კრიზისის საკითხებთან დაკავშირებით.
თურქმენეთში რუსეთის პრეზიდენტთან, ვლადიმერ პუტინთან შეხვედრის შემდეგ ერდოღანმა აღნიშნა, რომ უკრაინაში ომის დასასრული არც ისე შორსაა.
„მშვიდობა შორს არ არის, ჩვენ ვხედავთ მას“, – აღნიშნა ერდოღანმა.
ამასთან, თურქეთის პრეზიდენტის თქმით, იმედოვნებს, რომ სამშვიდობო გეგმას აშშ-ის პრეზიდენტთან, დონალდ ტრამპთანაც განიხილავს.
თურქეთის ევროკავშირში გაწევრიანების საკითხზე ერდოღანმა განაცხადა, რომ ევროკავშირისთვის სასარგებლო იქნებოდა, ურთიერთობებს სტრატეგიული ხედვით მიუდგეს.
ამასთან, თურქეთის პრეზიდენტის განმარტებით, შავი ზღვა არ უნდა განიხილებოდეს, როგორც საბრძოლო ველი.
„ეს არც რუსეთს და არც უკრაინას არ ეხმარება“, – განაცხადა ერდოღანმა და აღნიშნა, რომ ყველას სჭირდება შავ ზღვაში უსაფრთხო ნავიგაცია.
