ჩვენ ახლა უფრო ახლოს ვართ უკრაინაში მშვიდობასთან, ვიდრე ოდესმე ვყოფილვართ, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა.
„ერთი საათის წინ ძალიან კარგი საუბარი გვქონდა ევროპელ ლიდერებთან. ჩვენ გვქონდა ხანგრძლივი დისკუსია და, როგორც ჩანს, ყველაფერი კარგად მიდის, მაგრამ ამას დიდი ხანია, ვამბობთ და ეს რთულია. ჩვენ გვქონდა ძალიან ხანგრძლივი და ძალიან კარგი მოლაპარაკებები. კიდევ ერთხელ ვამბობ, ვფიქრობ, რომ საქმეები საკმაოდ კარგად მიდის. გასულ თვეში 27 000 ჯარისკაცი დაიღუპა. ეს არ უნდა მომხდარიყო. არასდროს უნდა მომხდარიყო. ეს ომი არასდროს არ უნდა დაწყებულიყო. მაგრამ დაიწყო და ჩვენ ვცდილობთ მის მოგვარებას. ეს იყო ბაიდენის სიტუაცია. ჩვენ ვცდილობთ მის დასრულებას. მე ვფიქრობ, რომ ახლა უფრო ახლოს ვართ დასრულებასთან, ვიდრე ოდესმე და თუ მათ ჰკითხავთ, ისინიც გეტყვიან, რომ ახლა უფრო ახლოს არიან. ჩვენ არაერთი საუბარი გვქონდა რუსეთის პრეზიდენტთან, ვლადიმერ პუტინთან. ვნახოთ, რისი გაკეთება შეგვიძლია. ჩვენ გვინდა ბევრი სიცოცხლის გადარჩენა. იცით, რომ ჩვენ არ ვხარჯავთ ფულს, მაგრამ გვინდა, ვნახოთ, შეგვიძლია თუ არა ბევრი სიცოცხლის გადარჩენა. როდესაც კარგავთ 25 000-დან 30 000-მდე ჯარისკაცს, ძირითადად ჯარისკაცებს, მაგრამ სხვა ადამიანებსაც, ქალაქებიდან, როგორიცაა კიევი და უკრაინის სხვადასხვა ქალაქი, ეს საკმაოდ ცუდია. სინამდვილეში, მეორე მსოფლიო ომის შემდეგ არავის უნახავს მსგავსი რამ. მაგრამ ჩვენ ვუახლოვდებით დასრულებას. ჩვენ გვაქვს უზარმაზარი მხარდაჭერა ევროპელი ლიდერებისგან, რომლებსაც ასევე სურთ ომის დასრულება. და ამ მომენტში, ვფიქრობ, რუსეთს სურს მისი დასრულება. პრობლემა ის არის, რომ მათ სურთ ამის დასრულება და შემდეგ უცებ აღარ ასრულებენ. უკრაინას სურს მისი დასრულება და უცებ აღარ ასრულებს, ამიტომ ისინი ერთ აზრამდე უნდა მივიყვანოთ, მაგრამ ვფიქრობ, რომ ეს მუშაობს. ძალიან კარგი საუბარი გვქონდა“, – განაცხადა ტრამპმა.
