არ მჯერა, რომ აშშ-მა რამე მოითხოვა, მიმაჩნია, რომ სტრატეგიული პარტნიორები ვართ, ეს იყო რუსეთის მოთხოვნები, რომელიც აშშ-ისგან მოვისმინეთ, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.
ჟურნალისტის კითხვაზე, მართალია თუ არა, რომ აშშ-მა მოითხოვა, რომ უკრაინამ დათმოს დონბასის ის ტერიტორიები, რომლებიც ჯერ არ არის ოკუპირებული რუსეთის მიერ, ზელენსკიმ განაცხადა, რომ აშშ-ს არაფერი მოუთხოვია.
„არ მჯერა, რომ აშშ-მა რამე მოითხოვა. მე მიმაჩნია, რომ სტრატეგიული პარტნიორები ვართ, ამიტომ, ტერიტორიების საკითხს შემდეგნაირად ჩამოვაყალიბებდი. რუსეთის ხედვა ან რუსეთის მოთხოვნები, რომელიც აშშ-ისგან მოვისმინეთ. ჩვენ ამას რუსეთის ფედერაციის მოთხოვნებად აღვიქვამთ. ამიტომ, მეც ვერაფერს მოვითხოვდი აშშ-ისგან, მაგრამ გადავეცი ჩემს კოლეგებს აშშ-ში, რომ ჩვენი ხედვა რუსებისთვის გადაეცათ. ასე ვუპასუხებდი თქვენს კითხვას. ამიტომ ვთქვი, რომ არის მგრძნობიარე საკითხები, ჩვენ ვცვლით აზრებს და ასევე გვესმის რუსების ხედვა და მათი მიზნები. ჩვენ ვცდილობთ, ავხსნათ ჩვენი პოზიცია. მიხარია, რომ გვისმენენ. ისეთ მგრძნობიარე საკითხთან დაკავშირებით, როგორიცაა ტერიტორია, რა გამოვა საბოლოოდ, ერთად ვნახავთ“, – აღნიშნა ზელენსკიმ.
უკრაინის პრეზიდენტის თქმით, მისი გზავნილი უსაფრთხოების გარანტიებთან დაკავშირებით არის ის, რომ ბრძოლის ველზე გარკვეული ნაბიჯების გადადგმამდე, სამხედროებსა და მშვიდობიან მოსახლეობას უნდა ჰქონდეთ მკაფიო წარმოდგენა იმის შესახებ, თუ რა იქნება უსაფრთხოების გარანტიები.
„გაგება, ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან აშშ არ გვთავაზობს ნატო-ს წევრობას, რადგან ნატო-ს საკითხი მთლიანად ამოღებულია, გასაგებია. თუმცა ზუსტად არ ვიცი, როგორ იმუშავებს ეს. მადლობა ღმერთს, რომ ნატო-ს წევრი ქვეყნები ჯერჯერობით არ ერთვებიან მოქმედებებში. ეს ნიშნავს, რომ მათ მშვიდობიანი ცხოვრება აქვთ. ამიტომ, მნიშვნელოვანია, რომ შეერთებულმა შტატებმა აღიქვას „მე-5 მუხლის მსგავსი“ უსაფრთხოების გარანტიები. ჩვენ ახლა ვმუშაობთ იმაზე, რომ ეს ყველაფერი წერილობითი ფორმით იყოს წარმოდგენილი. და ჩვენ პროგრესს მივაღწიეთ“, – განაცხადა ზელენსკიმ.
