ჩინელ მილიარდერს სუი ბოს, რომელიც ვიდეოთამაშების კომპანიას Duoyi Network მართავს, ამერიკის შეერთებულ შტატებში სუროგატი დედების დახმარებით 100-ზე მეტი ბავშვი გაუჩნდა.
Wall Street Journal-ის ინფორმაციით, ბიზნესმენი „დინასტიის“ შექმნას გეგმავს. ჩინურ სოციალურ ქსელ Weibo-ს ანგარიშებში, რომლებიც, სავარაუდოდ, ბოს ეკუთვნის, ნაპოვნია პოსტები იმის შესახებ, რომ „მეტი ბავშვის გაჩენას ყველა პრობლემის გადაჭრა შეუძლია“. სხვა პოსტებში ბიზნესმენი ოცნებობდა იმაზე, თუ როგორ შეძლებდნენ მისი შვილები ილონ მასკის შვილებზე დაქორწინებას.
Weibo-ს სხვა ანგარიშიდან კაცი 2023 წელს წერდა, რომ 50 „მაღალი ხარისხის ვაჟის“ ყოლაზე ოცნებობს. ნოემბერში სუის ყოფილმა შეყვარებულმა, ტან ცზინმა, განაცხადა, რომ კაცს 300 ბავშვი ჰყავს, რომლებიც სხვადასხვა ქვეყანაში ცხოვრობენ.
Duoyi Network-მა უარყო ცზინის განცხადება 300 ბავშვის შესახებ, თუმცა აღნიშნა: „აშშ-ში სუროგატული დედობის დახმარებით მრავალწლიანი ძალისხმევის შემდეგ, სუის ასზე ოდნავ მეტი ბავშვი ჰყავს“.
Wall Street Journal-ი წერს, რომ ჩინელ ბიზნესმენებს შორის საზღვარგარეთ სუროგატი დედების გამოყენება მზარდი ტენდენციაა. ასე ისინი ცდილობენ „შეურყეველი დინასტიების შექმნას“ ჩინეთის საზღვრებს გარეთ, რადგან ქვეყანაში სუროგატობა აკრძალულია.
