“ეს ევროკავშირი არ არის. იმ ევროკავშირში შესვლა ნამდვილად არ გვემუქრება, სადაც ქალბატონი ფონ დერ ლაიენია ხელმძღვანელი, კოსები და რაისა „კომუნისტკები“ არიან წამყვანი ფიგურები! გამორიცხულია!”, – ამის შესახებ პარლამენტის დიასპორის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ზარქუამ განაცხადა.
როგორც ზარქუამ აღნიშნა, ევროკავშირში ეროვნული ღირებულებების დაცვა დაიწყება, რაც გულისხმობს თითოეული ქვეყნის მაიდენტიფიცირებელი ინტერესების დაცვას.
“მარტა კოსისთვის და მისნაირებისთვის რომ დაგვეჯერებინა, დღეს ალბათ, უკრაინაზე უარეს მდგომარეობაში ვიქნებოდით. თქვენ ნახეთ, ვინც უჯერებდა და აჰყვა იმ სიგიჟეში, რასაც უკრაინას ევრობიუროკრატები და მათ შორის, ამერიკიდანაც, კარნახობდნენ, რა შედეგამდე მივიდა. ისე ინაწილებენ სახელმწიფო ტერიტორიებს და ინტერესებს, რომ არც ეკითხებიან უკრაინელ ხალხს. იმაზე უარეს მდგომარეობაში ვიქნებოდით. რაც შეეხება ქალბატონი კოსის ამ მიდგომას – მე მგონი, მათივე კვლევებს უმალავენ ამ ქალბატონს. იქნებ მოიკითხოს თავის ევროკომისიაში საქართველოსთან მიმართებით ის კვლევები, სადაც წერია, რომ საქართველო გამოირჩევა მაღალი ეკონომიკური ზრდით, მდგრადი ეკონომიკით, ინსტიტუციების მიმართ ნდობით, სახელმწიფო სერვისების გამართულად მუშაობით, სახელმწიფო ბიუჯეტის გამჭვირვალობით. ეს, ქალბატონო კოს, თქვენივე ევროკავშირის, ევროკომისიის მიერ დაფინანსებული კვლევებით არის დადასტურებული და გიმალავენ?! მოიკითხეთ, აბა! ჩვენთვის ნაკლებად საინტერესოა ამ კორუმპირებული ევროკავშირის ბიუროკრატების განცხადება. თქვენ იცით მისი კოლეგა, მოგერინი ახლახან დაიჭირეს. ამის შემდეგ, მათ ადგილზე, საერთოდ გადადგებოდა ევროკავშირის ღირსეული, თავმოყვარე “ლიდერშიფი”.
პირდაპირ გეტყვით, ჩვენ და ჩვენისთანა სახელმწიფოებს, რომლებიც ეროვნულ ინტერესებს იცავენ, დაკვეთებს არ ასრულებენ, მაგათ დროს ჩვენ ევროკავშირში შესვლა ნამდვილად არ გვემუქრება. სადაც ქალბატონი ფონ დერ ლაიენია ხელმძღვანელი, კოსები და რაისა “კომუნისტკები” არიან წამყვანი ფიგურები, გამორიცხულია. ეს ევროკავშირი არ არის. ეს გადასცდა საერთოდ ევროპულ ღირებულებებს. ჩვენ ვთქვით, რომ საქართველო იმ სტანდარტებით, რაც არის მოთხოვნილი, 2030 წლისთვის, ევროკავშირში მისაღებად ყველაზე წინ ვიქნებით. ზუსტად შემიძლია გითხრათ, რომ არც კოსი, არც ფონ დერ ლაიენი და მით უმეტეს, რუსეთის მოკავშირე კალასი, არც ერთი არ იქნებიან თანამდებობაზე. ზუსტად ვიცი, დარწმუნებული ვარ, ეროვნული ღირებულებების დაცვა ევროკავშირში დაიწყება, რაც გულისხმობს თითოეული ქვეყნის მაიდენტიფიცირებელი ინტერესების დაცვას. დღეს არეულია, აღრეულია და ამიტომაც ევროკავშირის ეკონომიკა 15%-მდე ჩამოვიდა, მაღალი ინფლაციაა, უმუშევრობაა, რეცესია აქვთ, მიგრანტების ქაოსი, უბედურება ტრიალებს. ეს იმდენად შემაწუხებელია, რომ უკვე ოკეანის გაღმიდან ეუბნებიან, იქნებ თქვენი ინტერესები დაიცვათო. ასეთმა ხალხმა ჩვენ რა რჩევა უნდა მოგვცეს, ან რა რჩევა უნდა მივიღოთ. თავისთვის შეინახონ ის რჩევები კოსმაც და დანარჩენმა რაისა „კომუნისტკებმა“, – განაცხადა ზარქუამ.
