Euronews-ი უკრაინისთვის გაყინული რუსული აქტივების გადაცემის საკითხის შესახებ სტატიას აქვეყნებს და აღნიშნავს, რომ ხსენებულ პრობლემაზე მსჯელობამ ბლოკის წევრი სახელმწიფოები ორ ბანაკად დაყო.
ევროკავშირში შემავალი ქვეყნების ნაწილი გაყინული რუსული აქტივების ამოღებას და მათი უკრაინისთვის რეპარაციული კრედიტის სახით გადაცემის მომხრეა, ხოლო მეორე ნაწილი ინიციატივას ეწინააღმდეგება.
Euronews-ის მიერ მომზადებულ სტატიაში აღნიშნულია, რომ გაყინული რუსული აქტივების უკრაინისთვის გადაცემას ემხრობიან: ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი და გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი.
კიევისთვის რუსული ფულის გადაცემის იდეას მხარს ასევე უჭერენ დანიის პრემიერ-მინისტრი მეტე ფრედერიკსენი, შვედეთის პრემიერი ულფ კრისტენსონი და ფინეთის მთავრობის თავმჯდომარე პეტერი ორპო.
აღნიშნულ იდეას მოგვიანებით შეუერთდნენ პოლონეთის პრემიერ-მინისტრი დონალდ ტუსკი, ესტონეთის პრემიერი კრისტენ მიხალი, ლატვიის პრემიერი ევიკა სილინია, ლიეტუვის პრეზიდენტი გიტანას ნაუსედა და ირლანდიის პრემიერ-მინისტრი მიშელ მარტინი. რუსული აქტივების ამოღებას მხარს უჭერს ნიდერლანდებიც.
ფონ დერ ლაიენისა და მერცის ინიციატივას არც ისე აქტიურად, მაგრამ მაინც მხარს უჭერენ ესპანეთი და პორტუგალიაც, წერს Euronews-ი.
Euronews-ის ინფორმაციით, შექმნილ მდგომარეობაში საფრანგეთი და მისი პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი ყველასთვის გასაკვირად იქცევა. საქმე ისაა, რომ 18 მილიარდი ევროს ოდენობის რუსული აქტივები ფრანგულ ბანკებშიც ინახება.
რუსული აქტივების ძალისმიერი ამოღების აქტიური მოწინააღმდეგე ბელგიაა, სადაც რუსეთის მთავრობის კუთვნილი 185 მილიარდი ევრო ინახება. ყველასთვის მოულოდნელად ბელგიას მხარი იტალიამ, ბულგარეთმა და მალტამ დაუჭირეს.
ბელგიის პრემიერ-მინისტრს ბარტ დე ვევერს მხარს ჩეხეთის ახალი პრემიერი ანდრეი ბაბიშიც უჭერს. მოწინააღმდეგეთა სამეულს კრავს უნგრეთი და მისი პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი.
როგორც Euronews-ი წერს, ორბანის უახლოესმა მეგობარმა, სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრმა რობერტ ფიცომ პირობა დადო, რომ კიევისთვის ახალი სამხედრო დახმარების ნებისმიერ მცდელობას დაბლოკავს.
Euronews-ის სტატიაში აღნიშნულია, რომ 18 დეკემბერს ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების ლიდერების შეხვედრაზე თეორიულად ბლოკმა ხმათა უმრავლესობით შეიძლება, რომ რუსული აქტივების ამოღების ინიციატივას მხარი დაუჭიროს. გადამწყვეტი, შესაძლოა, საფრანგეთის, როგორც მძიმეწონიანი ქვეყნის, პოზიცია გახდეს.
