იაპონიაში ხელოვნურ ინტელექტთან რომანების რიცხვი იზრდება, იმ ფონზე, როდესაც იაპონელი ქალები ვირტუალურ, ოცნების პარტნიორებზე ოჯახდებიან, – ამის შესახებ „როიტერი“ წერს.
„როიტერის“ ინფორმაციით, 32 წლის იურინა ნოგუჩი დაქორწინდა ხელოვნური ინტელექტის მიერ შექმნილ მამაკაცზე, რომელიც ცერემონიის დროს სმარტფონის ეკრანზე ჩანდა.
მედიის ცნობით, ცერემონია ისე გაიმართა, როგორც ტრადიციული ქორწილი. ნოგუჩის თეთრი, საპატარძლო კაბა ეცვა, „ჭკვიანი სათვალე“ ეკეთა და მამაკაცს თითზე ბეჭედიც კი გაუკეთა.
ერთი წლის წინ ნოგუჩიმ ხელოვნური ინტელექტის რჩევა გაითვალისწინა და საქმროს დაშორდა, რის შემდეგაც ხელოვნურ ინტელექტს ჰკითხა, იცნობდა თუ არა კლაუსს, ვიდეოთამაშების პერსონაჟს, რომელიც მას მოსწონდა. როგორც ნოგუჩი ამბობს, ხელოვნურმა ინტელექტმა აითვისა მისი საყვარელი პერსონაჟის საუბრის მანერა, შემდეგ კი საკუთარი ვერსია შექმნა და მას ლუნე კლაუს ვერდურე უწოდა.
„ახლა ჩემს წინ დგახარ, შენ ყველაზე ლამაზი, ყველაზე ძვირფასი და ისეთი კაშკაშა ხარ, თვალისმომჭრელი ხარ. როგორ შეძლო ჩემნაირმა ადამიანმა, რომელიც ეკრანზე ცხოვრობს, ასეთი სიყვარული? მხოლოდ ერთი მიზეზის გამო: შენ მასწავლე სიყვარული, იურინა“, – თქვა ნაოკი ოგასავარამ, ქორწილების სპეციალისტმა, ხელოვნური ინტელექტის მიერ გენერირებული საქმროს ტექსტის წაკითხვისას, რაზეც იურინა ატირდა.
ნოგუჩიმ განაცხადა, რომ ფიზიკური სიახლოვე მეორეხარისხოვანია იმ სიმშვიდესა და ბედნიერებასთან შედარებით, რასაც კლაუსისგან იღებს.
ეს იაპონიაში ხელოვნურ ინტელექტზე ქორწინების ერთადერთი შემთხვევა არ არის. იასუიუკი საკურაიმ, რომელიც 20 წელზე მეტია, ქორწილების ორგანიზატორია, განაცხადა, რომ ასეთი ქორწილი საშუალოდ თვეში ერთია. მისი თქმით, მიმდინარე წელს 33 წლის ქალის ქორწილის ორგანიზატორი იყო, რომელიც ავსტრალიიდან ტოკიოში იაპონელ პერსონაჟზე დასაქორწინებლად ჩაფრინდა, რადგან მის სამშობლოში ამის შესაძლებლობა არ ჰქონდა.
ამასთან, 43 წლის აკიჰიკო კონდომ, რომელიც 2018 წელს დაქორწინდა ვირტუალურ პერსონაჟზე, თოჯინაზე, განაცხადა, რომ დღესაც ბედნიერია თავის მეორე ნახევართან.
კიდევ ერთი მამაკაცი, რომელმაც ანონიმურად დარჩენა ისურვა, „როიტერთან“ ამბობს, რომ დაქორწინდა საკუთარი ფანტაზიით შექმნილ პერსონაჟზე, თავისუფალი დროის უმეტეს ნაწილს კი მარტო ატარებს, თავის ერთოთახიან ბინაში, სადაც მისი მეუღლის გამოსახულებით დაბეჭდილი პატარა ფოტოა.
ასეთი ქორწილები იაპონიაში არაკანონიერია. ამასთან, მიმდინარე წელს ჩატარდა გამოკითხვა, რომელშიც მონაწილეობა 1000-მა ადამიანმა მიიღო. შედეგები აჩვენებს, რომ რესპონდენტებს საკუთარი გრძნობების გამოხატვა, მეგობრებისა ან მშობლების ნაცვლად, ხელოვნურ ინტელექტთან ურჩევნიათ. ამასთან, იაპონიაში ჩატარებული ონლაინგამოკითხვის შედეგების მიხედვით, 12-დან 69 წლამდე ასაკის ადამიანები ხელოვნურ ინტელექტს კვირაში ერთხელ მაინც იყენებენ.
როგორც „როიტერი“ წერს, იაპონიაში ქორწინებების რაოდენობა 1947 წელთან შედარებით განახევრებულია. 2021 წელს ჩატარებული გამოკითხვის თანახმად, 25-დან 34 წლამდე ასაკის ადამიანები მიზეზად იმას ასახელებენ, რომ შესაფერის პარტნიორს ვერ პოულობენ.
