ესტონეთის ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა და ევროკავშირის საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში უმაღლესმა წარმომადგენელმა კაია კალასმა სოციალურ ქსელში დაწერა, რომ სამი წლის წინ პოლიტიკოს ვარო ვოგლაიუს შესახებ ცრუ ბრალდებები გააჟღერა. რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილებით, კალასი ვალდებული იყო მისი განცხადების საჯარო უარყოფა გაეკეთებინა.
„მე, კაია კალასმა, 2022 წლის 17 თებერვალს გაკეთებულ პოსტში გამოვაქვეყნე ფაქტობრივად არასწორი ინფორმაცია, თითქოს ვარო ვოგლაიუს და “ოჯახისა და ტრადიციების დაცვის ფონდის“ მიერ ორგანიზებულ დემონსტრაციაზე ესტონეთის პოლიციას თავს დაესხნენ და თითქოს ვარო ვოგლაიუმ და EKRE-მ 2021 წლის 23 ოქტომბერს თავისუფლების მოედანზე დემონსტრაცია მოაწყვეს. ეს განცხადებები სიმართლეს არ შეესაბამება“, – დაწერა კალასმა თავის Facebook გვერდზე.
სამშაბათს, უზენაესმა სასამართლომ არ მიიღო კაია კალასის საჩივარი და ამგვარად, რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება ძალაში შევიდა, რომლის მიხედვითაც ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა უნდა უარყოს სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული ინფორმაცია, რომ პოლიციას ვოგლაიუსა და SAPTK-ის მიერ ორგანიზებულ დემონსტრაციაზე თავს დაესხნენ.
2022 წლის 17 თებერვალს, მაშინდელმა პრემიერ-მინისტრმა კალასმა სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა პოსტი, სადაც ნათქვამი იყო, რომ „ის, ვინც ტრადიციებს იცავს“, ესტონეთის დამოუკიდებლობას ესხმის თავს.
„ჩვენ გვახსოვს მათ მიერ ორგანიზებული დემონსტრაცია ტუმპეაზე, სადაც ესტონეთის პოლიციას თავს დაესხნენ. გვახსოვს ვარო ვოგლაიუს და EKRE-ს მიერ ორგანიზებული დემონსტრაცია 23 ოქტომბერს თავისუფლების მოედანზე, სადაც ესტონელ ექიმებს, მეცნიერებსა და სამედიცინო მუშაკებს თავს დაესხნენ. სამწუხაროდ, ესტონეთის სახელმწიფოს მტრად წარმოჩენა ვაროსა და მისი მტკიცე მხარდამჭერი EKRE-ს პოლიტიკური რიტორიკის ნაწილი გახდა“, – წერდა კაია კალასი.
ვარო ვოგლაიუსმა საკუთარი უფლებების დასაცავად სასამართლოს მიმართა.

