ლაგდება ახალი სამყარო. როგორი იქნება ეს ახალი სამყარო, როგორი წესები იქნება – არავინ ვიცით იმიტომ, რომ ეს ახლა დგინდება. საქართველოს აქვს უნიკალური შესაძლებლობა ითამაშოს, როგორც დამოუკიდებელმა მოთამაშემ, – განაცხადა გადაცემაში „იმედის კვირა“ ფილოსოფოსმა ზაზა შათირიშვილმა.
მისი თქმით, „დიფ სტეიტთან“ მიმართებით ტრამპის დამოკიდებულება მართლაც ჰგავს დადგმულ სპექტაკლს.
„დღეს ერთს იტყვის [დონალდ ტრამპი], ხვალ – მეორეს, ზეგ – მესამეს, ეს ჰგავს ზუსტად იმას, როგორც იქცევა უკრაინასთან მიმართებაში, მაგრამ თუ უკრაინასთან მიმართებაში არსებობს მეორე ძალა, რომელიც არის დაინტერესებული ამ კრიზისის გადაწყვეტით, დიფ სტეიტთან მიმართებით ეს ყველაფერი მართლაც ჰგავს დადგმულ სპექტაკლს. მოდი, ასე ვთქვათ, ერთია ტრამპი, როგორც საერთაშორისო აქტორი და მეორეა, როგორც დიფ სტეიტთან მებრძოლი. პოლიტოლოგებს, ექსპერტებს, მეც მათ შორის, გვიჩნდება ეჭვი, რომ ტრამპი არ არის დამოუკიდებელი მოთამაშე, “, – განაცხადა ზაზა შათირიშვილმა.
შათირიშვილი მიიჩნევს, რომ ერთ-ერთი მთავარი აქტორი, ვინც პროქსი ომი [რუსეთ-უკრაინის] გამოიწვია, არის შეერთებული შტატები.
„და ახლა დაახლოებით, იცით როგორ იქცევა? ხელებიც დამიბანიაო. მთავარი არის არა ის, თუ რა ძალებს წარმოადგენს სინამდვილეში ტრამპი, არამედ მთავარია, ჩვენ ვიაზროვნოთ როგორც დამოუკიდებელმა პოლიტიკურმა სუბიექტმა. ლაგდება ახალი სამყარო. როგორი იქნება ეს ახალი სამყარო, როგორი წესები იქნება – არავინ ვიცით იმიტომ, რომ ეს ახლა დგინდება. საქართველოს აქვს უნიკალური შესაძლებლობა, ითამაშოს როგორც დამოუკიდებელმა მოთამაშემ“, – განაცხადა ფილოსოფოსმა.

