უკრაინის პრეზიდენტი რუსეთზე ზეწოლის გაძლიერების აუცილებლობაზე მიუთითებს. ვოლოდიმირ ზელენსკიმ ვიდეო მიმართვა გაავრცელა, რომელშიც აღნიშნა, რომ წინასაშობაო კვირის მიუხედავად, როდესაც პოლიტიკური აქტივობა იკლებს, კიევი პარტნიორებთან კონტაქტის შემცირებას არ აპირებს და რომ უკრაინა წლის ბოლომდე რუსეთის საომარი შესაძლებლობის შემცირებისთვის გარკვეული შედეგების მიღებას იმედოვნებს.
„რუსეთზე ზეწოლა უნდა გაძლიერდეს. მომავალ კვირას, მიუხედავად იმისა, რომ შობის კვირეულში პოლიტიკურ აქტივობა იკლებს, ჩვენ მაინც კონტაქტზე ვიქნებით პარტნიორებთან. ყველასთან, ვისაც შეუძლია დაგვეხმაროს ჩვენი სახელმწიფოს, ხალხის, ენერგეტიკის დაცვაში ჩვენი გამძლეობის განმტკიცებაში, ყველასთან ვინც მუშაობს რუსეთზე ზეწოლის გაძლიერებაზე, და ცდილობს ომის რეალურად დასრულებას. წლის ბოლომდე უნდა მივიღოთ სიახლე უკრაინისთვის დახმარების პაკეტის გადაწყვეტილებაზე, რომელიც რუსეთის ომის უნარიანობას შეამცირებს“, – განაცხადა ზელენსკიმ.

