პრეზიდენტ ტრამპის ადმინისტრაციამ ყოფილ ევროკომისარს, ტიერი ბრეტონს და დეზინფორმაციის გავრცელების წინააღმდეგ მებრძოლი არასამთავრობო ორგანიზაციების ოთხ წარმომადგენელს ამერიკის შეერთებულ შტატებში ჩასვლა აუკრძალა.
გადაწყვეტილება ხუთი პირისთვის დაწესებული აკრძალვის შესახებ 23 დეკემბერს გამოაცხადა სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომ. აშშ სანქცირებულებს ადანაშაულებს ამერიკული პლატფორმების იძულებითი ცენზურის, დემონეტიზაციისა და მათთვის მიუღებელი ამერიკული მოსაზრებების ჩახშობისკენ მიმართული ძალისხმევის ორგანიზებაში.
რუბიოს თანახმად, „ამ რადიკალურმა აქტივისტებმა და შეიარაღებულმა არასამთავრობო ორგანიზაციებმა“ ხელი შეუწყვეს ამერიკელი სპიკერებისა და ამერიკული კომპანიების წინააღმდეგ ცენზურის გაძლიერებას უცხოეთის სახელმწიფოების მხრიდან.
სახელმწიფო მდივანი მიიჩნევს, რომ აშშ-ში მათ ჩასვლას, ყოფნას ან საქმიანობას შესაძლოა, ქვეყნისთვის სერიოზული უარყოფითი საგარეო პოლიტიკური შედეგები მოჰყვეს.
ყოფილი ევროკომისარი, ფრანგი ტიერი ბრეტონი იყო ერთ-ერთი მთავარი ინიციატორი კანონის ციფრული მომსახურების შესახებ(DSA), რომლის საფუძველზეც ევროკავშირი მსხვილ ტექნოლოგიურ კომპანიებს ავალდებულებს გამჭვირვალობას და სიძულვილის ენასა და დეზინფორმაციასთან ბრძოლას.

