ანკარასთან ავიაკატასტროფის შედეგად დაღუპულთა რიცხვი რვამდე გაიზარდა, მათ შორის ეკიპაჟის სამი წევრი. ინფორმაციას ამის შესახებ „როიტერი“ ავრცელებს.
მედიის ცნობით, დაღუპულთა შორისაა ლიბიის არმიის მეთაური მოჰამედ ალი აჰმედ ალ-ჰადადი.
ლიბიაში სამდღიანი გლოვა გამოცხადდა. ამ პერიოდის განმავლობაში, ყველა სამთავრობო დაწესებულებაში დროშები ნახევრად დაშვებული იქნება და ყველა ოფიციალური ღონისძიება შეჩერდება.
თვითმფრინავი Falcon 50, რომელიც ანკარიდან ლიბიის დედაქალაქ ტრიპოლიში ბრუნდებოდა, ღამით, ანკარიდან დაახლოებით 74 კილომეტრის დაშორებით ჩამოვარდა. თვითმფრინავმა კონტაქტის დაკარგვამდე საგანგებო დაშვება მოითხოვა, ამის შემდეგ კი კონტაქტი დაიკარგა.
სამძებრო-სამაშველო ოპერაცია ამ დრომდე გრძელდება. თურქეთის შინაგან საქმეთა მინისტრის, ალი იერლიკაიას ინფორმაციით, თვითმფრინავთან კავშირი შეწყდა ანკარის აეროპორტიდან გაფრენიდან დაახლოებით 40 წუთში. თურქეთის იუსტიციის მინისტრმა, ილმაზ ტუნჩმა განაცხადა, რომ ანკარის მთავარმა პროკურატურამ ინციდენტთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო.

