დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის მხრიდან ევროკავშირზე შანტაჟმა და ზეწოლამ, რაც გამოწვეულია იმ ევროპული ტექნოლოგიური რეგულაციებით, რომლებსაც ამერიკული პლატფორმები ევროპაში უნდა დაემორჩილონ, უპრეცედენტო მასშტაბებს მიაღწია, – წერს ესპანური გაზეთი El País-ი.
ვაშინგტონმა სანქციები დააწესა რამდენიმე ევროპელი პირის წინააღმდეგ, რომლებიც სოციალურ ქსელებში კონტენტის მოდერაციასთან არიან დაკავშირებულნი.
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი სანქცირებულ პირებს საზღვარგარეთ „ამერიკელების ცენზურაში“ ადანაშაულებს. დასჯილთა შორის არის ყოფილი ევროკომისარი შიდა ბაზრის საკითხებში, ტიერი ბრეტონი, რომელიც ევროკომისიის გასული მოწვევის პერიოდში „ციფრული მომსახურების აქტზე“ იყო პასუხისმგებელი.
ევროკომისიამ დაგმო გადაწყვეტილება და აშშ-ის ხელისუფლებისგან განმარტებები მოითხოვა.
საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმაც გააკრიტიკა გადაწყვეტილება და მას „ევროპის ციფრული სუვერენიტეტის წინააღმდეგ დაშინება და იძულება“ უწოდა.
ეს უპრეცედენტო ნაბიჯი მოჰყვა ტრამპის ადმინისტრაციის „ეროვნული უსაფრთხოების სტრატეგიას“, რომელიც 10 დღის წინ გამოქვეყნდა. დოკუმენტში ნათქვამია, რომ ევროპელი ლიდერები ახშობენ გამოხატვის თავისუფლებას და რეპრესიებს მიმართავენ იმ ოპოზიციის წინააღმდეგ, რომელიც მიგრაციულ პოლიტიკას ებრძვის.
ტრამპის ადმინისტრაცია აცხადებს, რომ ებრძვის „ცენზურის არასამთავრობო ორგანიზაციების ეკოსისტემას“ და „გლობალური ცენზურის მანქანას“. ასევე აცხადებს, რომ იცავს „ყველა ამერიკელის გამოხატვის თავისუფლების უფლებას“.
ვაშინგტონი ასევე იმუქრება სანქციების სიის გაფართოებით, თუ სხვა ევროპელები პოზიციას არ შეცვლიან.

