უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისა და ევროპელი ლიდერების სატელეფონო საუბრისას, მხარეები შეთანხმდნენ, რომ მთავარი საკითხი უკრაინისთვის უსაფრთხოების გარანტიებია, – ამის შესახებ განცხადება პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა, დონალდ ტუსკმა გააკეთა.
„საუბრის ყველა მონაწილე (მათ შორის, სკანდინავიის ქვეყნების, კანადის, ნიდერლანდებისა და ნატო-ს წარმომადგენლები) შეთანხმდნენ, რომ გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს უკრაინისთვის უსაფრთხოების გარანტიებს; კონკრეტულსა და საიმედოს. ასეთი გარანტიები ასევე ნიშნავს მეტ უსაფრთხოებას პოლონეთისთვის. ხვალ, აშშ-ისა და უკრაინის პრეზიდენტების შეხვედრის შემდეგ, საუბარს დავუბრუნდებით“, – წერს პოლონეთის პრემიერ-მინისტრი დონალდ ტუსკი სოციალურ ქსელში.
თავის მხრივ, ფინეთის პრეზიდენტმა ალექსანდრ სტუბმა ზელენსკის ევროპელ ლიდერებთან საუბარს წარმატებული უწოდა.
„სამართლიან და ხანგრძლივ სამშვიდობო შეთანხმებაზე ერთობლივი მუშაობა“, – წერს ფინეთის პრეზიდენტი.
ამასთან, გერმანიის მთავრობის წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ ზელენსკისთან საუბრის დროს ევროპისა და კანადის, სულ 11 სახელმწიფოსა და მთავრობის მეთაურმა, ასევე ნატო-სა და ევროკავშირის ლიდერებმა, უკრაინას სრული მხარდაჭერა დაუდასტურეს და აღნიშნეს ერთგულება აშშ-თან მჭიდრო თანამშრომლობისადმი უკრაინაში მტკიცე და სამართლიანი მშვიდობის მისაღწევად

